როგორ გამოვიყენოთ ბიზნესმოდელების ნავიგატორი ჩვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად

წიგნის „ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“ მიზანია, გაგაცნოთ ბიზნესის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდოლოგია, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნესმოდელის ინოვაციურ გარდაქმნასა და წარმატებული ბიზნესის შექმნაში.

წიგნის ავტორებმა მსოფლიოში წარმატებული 40 000 კომპანია შესწავლეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა ბიზნესმოდელების 55 ნიმუში, რომლებიც თითქმის ყველა კომპანიის საფუძველს წარმოადგენს. კომპანიები ამ ნიმუშებს იყენებენ პირდაპირ ან ქმნიან მათი ელემენტების კომბინაციებს, რის შედეგადაც იღებენ განსხვავებულ ბიზნესებს. წიგნში შეგიძლიათ გაეცნოთ სწორედ ამ 55 წარმატებულ ბიზნესმოდელს და გამოიყენოთ ისინი თქვენი კომპანიის ინოვაციური ტრანსფორმაციისთვის.

სანამ კონკრეტული ნიმუშების გამოყენებას დაიწყებდეთ, აუცილებელია კარგად გაიაზროთ, რა ქმნის კარგ ბიზნესმოდელს, როგორია თქვენი კომპანიის (ბიზნესიდეის) ახლანდელი მოდელი ან საერთოდაც, რატომ გჭირდებათ ინოვაციური ბიზნესმოდელი. ამისათვის, დაგჭირდებათ ერთგვარი ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე.

ბიზნესმოდელის განსაზღვრა და მისი ელემენტები

იმისათვის, რომ განსაზღვროთ თქვენი ბიზნესმოდელი, ნავიგატორი გთავაზობთ ერთგვარ ჩარჩოს, რათა ყურადღება გაამახვილოთ ბიზნესმოდელის ძირითად, საბაზისო ელემენტებზე. ჩარჩოს მიხედვით, ბიზნესმოდელის განსაზღვრა ოთხი ხელშესახები განზომილების აღწერით ხდება, რომლებსაც „ჯადოსნური სამკუთხედის“ ფორმით წარმოგიდგენთ:

 

 

 

 

1. ვინ? – მომხმარებელი

სამკუთხედის ცენტრშია მომხმარებელი. ამ ელემენტის განსაზღვრებისთვის პასუხი უნდა გასცეთ შემდეგ კითხვებს: ვინ არიან თქვენი მომხმარებლები? რა მოთხოვნები აქვთ? რა საჭიროებები? რა აწუხებთ?

2. რა? – ფასეული შეთავაზება

ეს ელემენტი მოიცავს იმ ფასეულ შეთავაზებასა და პროდუქტებს/სერვისებს, რომლებსაც თქვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ფასეული შეთავაზება და პროდუქტი/მომსახურება სხვადასხვა რამაა.  ფასეული შეთავაზება განსაზღვრავს იმ ფასეულობას, რომელსაც ქმნით თქვენი მომხმარებლისთვის, როგორ აკმაყოფილებთ მათ საჭიროებებს და უჭრით პრობლემებს. პროდუქტი და მომსახურება გეხმარებათ იმაში, რომ ფასეული შეთავაზება გახადოთ ხელშესახები და გავრცელებადი.

3. როგორ? – ღირებულებათა ჯაჭვი

ეს ნაწილი მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვს ანუ პროცესს, რომლის საშუალებითაც აწვდით მომხმარებელს თქვენს ფასეულ შეთავაზებას. ეს გულისხმობს, არა მხოლოდ კომპანიის შიდა ოპერაციებსა და რესურსებს, არამედ პარტნიორულ საქმიანობასა და აუთსორსსაც.

4. რატომ? – მოგების მიღების მექანიზმი

ელემენტი აღწერს, რატომ არის თქვენი პროდუქტი ან სერვისი კომერციულად მომგებიანი. შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი კითხვები: როგორ განსაზღვრავთ საფასო სტრატეგიას? სად გაქვთ გაყიდვის წერტილები? როგორ გეგმავთ მარკეტინგულ აქტივობას? როგორ იხდიან ფულს თქვენი კლიენტები?

ამ ოთხი ელემენტის ერთობლიობა აყალიბებს ბიზნესმოდლის არსს და კონცენტრირდება ყველა ბიზნესმოდელის ფუნდამენტურ საკითხზე – როგორ ქმნის კომპანია ფასეულობას.

წარმატებული ბიზნესმოდელების ნიმუშების გამოყენება

მას შემდეგ, რაც ამ „ჯადოსნურ სამკუთხედს“ შეავსებთ და აღწერთ თქვენს არსებულ ბიზნესმოდელს, შეგიძლიათ გადახედოთ წიგნში მოცემული 55 წარმატებული ბიზნესმოდელის ნიმუშს და დაფიქრდეთ, რომელი მათგანი იქნებოდა თქვენთვის შესაფერისი, რომელი ნიმუშის ელემენტია საინტერესო და რომელი შესძენდა ინოვაციურობას თქვენს ბიზნესს.

გაგაცნობთ ერთ-ერთ ნიმუშს – „არაფერი ზედმეტი“ იმისათვის, რომ მიხვდეთ, როგორ გამოიყურება ბიზნესმოდელი პრაქტიკაში.

მომხმარებლისთვის შეთავაზებული სტანდარტული ფასეულობა მინიმუმამდე დაიყვანება (განზომილება – რა?), დაზოგილი ხარჯები კი კლიენტებისთვის პროდუქტის მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეთავაზებაში აისახება (განზომილება – რა?). ამ შემთხვევაში მწარმოებლის მთავარი მიზანი უფრო ფართო აუდიტორიისთვის, მასებისთვის ხმის მიწვდენაა (ვინ?).

დაბალი ხარჯების შენარჩუნების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი შეთავაზების სტანდარტიზაციაა, რაც მასშტაბის ეკონომიით სარგებლობის საშუალებას მოგცემთ (როგორ?). მეორე გზაა თვითმომსახურების დანერგვა (როგორ?). ფასეული შეთავასების შეკვეცა იმ ასპექტებზე უნდა გამოიყენოთ, რომელთა შემთხვევაშიც ყველაზე მეტად იქნება შესაძლებელი ხარჯების შემცირება, თუმცა შეთავაზება მიმზიდველი უნდა დარჩეს.

„არაფერი ზედმეტის“ ნიმუშით სარგებლობს მაგალითად, სწრაფი კვების რესტორანი „მაკდონალდსი“. 1940-იან წლებში დამფუძნებლებმა ბიზნესმოდელის შეცვლით კომპანია გაკოტრებას გადაარჩინეს. მათ შეამცირეს ხარჯები იმით, რომ ჭურჭელი ქაღალდის თეფშებით ჩაანაცვლეს, დანერგეს ბურგერების მომზადების სწრაფი და იაფაი მეთოდი, მომსახურე პერსონალი შეამცირეს და თვითმომსახურება შემოიღეს. ამ ცვლილებებმა ბიზნესმოდელში პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა და კომპანია წარმატების გზაზე დააბრუნა.

 

კიდევ ერთი გავრცელებული ბიზნესმოდელია „დამატებითი შეთავაზება“, რომლით სარგებლობის შემთხვევაშიც კომპანიის ძირითადი შეთავაზების (პროდუქტის/მომსახურების) ფასი კონკურენტული და ხელმისაწვდომია, თუმცა ჯამური ღირებულება შესაძლოა სხვა დამატებითმა შეთავაზებებმა გაზარდოს. საბოლოოდ, მომხმარებელი მოსალოდნელზე მეტს იხდის, მაგრამ სარგებელს იმით იღებს, რომ შეუძლია საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ვარიანტი აირჩიოს.

ცნობილი მაგალითია თვითმფრინავის ბილეთები (Ryanair, Wizzair) – მომხმარებლები სტანდარტული ბილეთისვის დაბალ ფასს იხდის, დამატებითი პირობები კი მაგ. კვება და ბარგი გადასახადს ზრდის.

ეს მხოლოდ მცირე მაგალითებია ბიზნესმოდელების იმ ნიმუშებისა, რომლებსაც „ბიზნესმოდელების ნავიგატორში“ შეხვდებით. მნიშვნელოვანია, რომ წიგნში დეტალურადაა ახსნილი, თუ რა შემთხვევაშია თითოეული ნიმუშის გამოყენება რეკომენდებული, რა კითხვები უნდა დაუსვათ თქვენს კომპანიას/იდეას. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ უამრავ კონკრეტულ მაგალითს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს მსოფლიოში ცნობილმა კომპანიებმა ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნა.