ნაცნობი უცნობი ბიზნესმოდელი

ჯეპრასა” და “ლურჯი ოკეანის” თანამშრომლობით, ცოტა ხნის წინ გამოიცა წიგნი -“ბიზნესმოდელების ნავიგატორი”, რომელშიც 55 წარმატებული ბიზნესმოდელია განხილული. წიგნის კითხვისას შეხვდებით უამრავ მოდელს, რომლებსაც იყენებენ როგორც კომპანიები მსოფლიოს გარშემო, ასევე კომპანიები თქვენ ირგვლივ.

წიგნის წაკითხვის შემდეგ გააცნობიერებთ, რომ ყველა წარმატებული, უცნობი კომპანიის მუშაობის პროცესს ჩვენთვის ნაცნობი ბიზნესმოდელი და სტრუქტურა აქვს.

როგორც პიტერ ტილი საკუთარ წიგნში „ნულიდან ერთამდე” ამბობს, ინოვაციის ორი წყარო არსებობს – გლობალიზაცია და ტექნოლოგია. გლობალიზაციით გამოწვეული ინოვაცია გულისხმობს, რომ ის, რაც ერთგან კარგად მუშაობს, შეგიძლია გაიმეორო სხვა კომპანიაში, ინდუსტრიაში ან თუნდაც ქვეყანაში. მეორე ტიპის ინოვაცია კი ტექნოლოგიური პროგრესით არის გამოწვეული. სწორედ ასეთია ციფრული ბანკის იდეა, რომელიც “გაციფრულების” ბიზნესმოდელზეა დაფუძნებული.

Direct bank-ს, რომელმაც მუშაობა 1989 წელს დაიწყო დიდ ბრიტანეთში, ერთადერთი სამუშაო პლათფორმა ჰქონდა სატელეფონო ხაზების სახით. 1990 წელს ინტერნეტის კომერციალიზაციის შედეგად, საბანკო ოპერაციებმა ტელეფონიდან პირადპირ ინტერნეტში გადაინაცვლა.

წლების განმავლობაში ის, რამაც იმუშავა ბრიტანეთში, წარმატებით მოარგეს საკუთარ ბიზნესგარემოს ბევრ სხვა ქვეყანაში. ასე გახდა ტექნოლოგიური ინოვაცია გლობალური, გაციფრულების ბიზნესმოდელი კი – ფართოდ გამოყენებადი მოდელი ძალიან ბევრ ინდუსტრიაში.

მოდით, განვიხილოთ ციფრული ბანკის ბიზნესმოდელი დეტალურად და ამისათვის ავსტრიული ბანკის – BAWAG P.S.K -ის შვილობილ ციფრულ ბანკს – Easybank-ს გადავავლოთ თვალი.

Easybank

Easybank ავსტრიაში სიდიდით მეორე ციფრული ბანკია, რომელიც ბაზარზე 1997 წელს გამოჩნდა. კომპანიის წარმატების საიდუმლო სწორედ მის ციფრულობაში მდგომარეობს. ფილიალების არარსებობით იგი ახერხებს ხარჯების შემცირებას, რაც მას საშუალებას აძლევს მომსახურება გასწიოს სატრანზაქციო და ანგარიშის საფასურის გარეშე.

Easybank-ის ბიზნესმოდელი ასე გამოიყურება:

მომხმარებელთა სეგმენტები

როგორც ტილოზე ხედავთ, კომპანიის ბიზნესმოდელში გამოკვეთილია მომხმარებელთა ორი სეგმენტი – ბანკის მომხმარებლები, რომლებსაც სურთ ფულის შენახვა და დროის დაზოგვა.

მომხმარებელთან ურთერთობა:

Easybank-ი სპეციალურ შეთავაზებებს უკეთებს მომხმარებლებს იმისათვის, რომ მათთვის ბანკის შეცვლა კომფორტული და სარგებლიანი იყოს. ამვარად, კომპანია ცდილობს გაზარდოს ახალი მომხმარებლების რაოდენობა, არსებული კლიენტების მომსახურებამ კი, ფილიალებიდან და ცხელი ხაზებიდან, პირდაპირ ვირტუალურ ჩათში გადაინაცვლა.

არხები:

ბანკს მხოლოდ ორი ციფრული ფილიალი აქვს – ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. თითოეული მათგანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს  პირადი, ინდივიდუალური ბანკის ფილიალი ატაროს ჯიბით.

ფასეული შეთავაზება:

Easybank-ი თავის მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ ონლაინ ბანკს, რომელიც ფარავს სრულ საბანკო მომსახურებას და არ საჭიროებს ანგარიშის მართვის საფასურის გადახდას. ონლაინ აპლიკაციით სარგებლობა ეფექტურია დროის დასაზოგად, ანგარიშებზე წვდომა კი ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.

ძირითადი პარტნიორები:

იმისათვის, რომ ონლაინ ბანკმა ხარჯები მინიმალურ დონეზე შეინარჩუნოს, სჭირდება პარტნიორები, რომლებიც მას არაციფრულ ნაწილში დაეხმარებიან, მაგალითად, როგორიცაა ფულის განაღდება და ა.შ   Easybank -ს ამ მხრივ მშობელი კომპანია BAWAG P.S.K -სა და  სხვა ბანკებთან თანამშრომლობა ეხმარება, ხოლო ახალი დარეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიკაციაში ავსტრიული ფოსტა უწევს პარტნიორობას.

ძირითადი აქტივობები:

ონლაინ ბანკის ძირითადი აქტიობებია ბრენდის მართვა, მომხმარებლების მომსახურება და რისკ მენეჯმენტი.

ძირითადი რესურსები:

მნიშვნელოვანი რესურსია ონლაინ ინფრასტრუქტურა, რაზეც მთელი კომპანიაა დაფუძნებული და ასევე ძლიერი ბრენდი.

ხარჯების სტრუქტურა:

Easybank-ის ძირითად დანახარჯებს შეადგენს ძლიერ, სანდო და ხშირად გამოყენებად ონლაინ პლათფორმაზე გაწეული ხარჯები.

შემოსავალის წყაროები:

კომპანია შემოსავალს იღებს საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვიდან.

 

დღესდღეობით, ქართველი მომხმარებლისთვის ეს ბიზნესმოდელი საკმაოდ ნაცნობია პირველი ქართული ციფრული ბანკის –  SPACE-ის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ. შეიძლება Easybank-ისა და SPACE-ის ბიზნესმოდელებს შორის პატარ-პატარა განსხვავებები იყოს, განსაკუთრებით პარტნიორების ჩამონათვალში,  თუმცა ძირითადად სწორედ ამ ბიზნესმოდელით მუშაობს როგორც ავსტრიული და ქართული, ასევე მსოფლიოს მასშტაბით ყველა ციფრული ბანკი.

თუ გსურთ გაიგოთ მეტი “გაციფრულების” ბიზნესმოდელზე, იმაზე, თუ როგორ იყენებენ სხვა კომპანიები მას, რა შემთხვევაში იქნება ის თქვენი ბიზნესისთვის მომგებიანი, აუცილებლად გადაავლეთ  თვალი “ბიზნესმოდელების ნავიგატორს”, რომელშიც აღნიშნული მოდელის გარდა კიდევ 54 ბიზნესმოდელს შეხვდებით.

 

ავტორი: ანუკი ცხოვრებაძე, “ბიზნესმოდელების ნავიგატორის” კონსულტანტი