სტოქდეილის პარადოქსი – როგორ დავძლიოთ კრიზისი

სტოქდეილის პარადოქსი - კარგიდან საუკეთესომდე

მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკად აღიარებული წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ დაფუძნებულია 5-წლიან სიღრმისეულ კვლევაზე, რომელიც ჯიმ კოლინზმა, ამერიკელმა მკვლევარმა, სპიკერმა და კონსულტანტმა ბიზნესის მართვის მიმართულებით, ჩაატარა მკვლევართა გუნდთან ერთად.

კვლევის მიზანი იყო გაერკვია, როგორ მოახერხმა ზოგმა კომპანიამ „საუკეთესოდ“ ქცევა, მაშინ როდესაც დანარჩენებმა განიცადეს მარცხი ამ პროცესში.

დღევანდელ ბლოგში გვსურს წიგნიდან კვლევის ერთ-ერთი საინტერესო მიგნება გაგიზიაროთ.

 

სტოქდეილის პარადოქსი

 

რასაკვირველია, ყველა საუკეთესო კომპანიას არ გაუვლია მძიმე კრიზისი, თუმცა წარმატების გზაზე ყველას შეხვედრია სხვადასხვა ტიპის სირთულეები.

ყველა შემთხვევაში მენეჯმენტის გუნდი ამჟღავნებდა ძლიერ ფსიქოლოგიურ ამბივალენტურობას. ერთი მხრივ, ისინი მტკიცედ უხვდებოდნენ მკაცრ რეალობას, მეორე მხრივ, არასოდეს კარგავდნენ გამარჯვების რწმენას და სირთულეების მიუხედავად, ინარჩუნებდნენ წინსვლისკენ მისწრაფებას. ასეთ ორმაგ მიდგომას წიგნის “კარგიდან საუკეთესომდე” ავტორებმა დაარქვეს “სტოქდეილის პარადოქსი”.

 

სტოქდეილის ისტორია

 

ადმირალი ჯიმ სტოქდეილი, უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიცერი, 8 წლის განმავლობაში იყო ტყვედ ვიეტნამის ომში. ამ პერიოდის განმავლობაში ის ოცჯერ ან მეტჯერაც აწამეს. მას არ ჰქონდა სამხედრო ტყვის უფლებებიც კი, არ იცოდა, როდის გაათავისუფლებდნენ, ნახავდა თუ არა ოჯახს, რა ელოდა.

ამის მიუხედავად, სტოქდეილი კვლავ იყო მეთაური და ყველაფერს აკეთებდა, რომ სხვა ტყვეები არ გატეხილიყვნენ არც ფიზიკურად და არც მორალურად, გაეძლოთ ამ საშინელებისთვის და ვიტნამელებს ისინი პროპაგანდისტული მიზნით არ გამოეყენებინათ.

ერთხელ მან სამართებლით თავიც კი დაიზიანა, როცა მისი გადაღება უნდოდათ, როგორც მაგალითის, თუ როგორ სანიმუშოდ ექცეოდნენ ტყვეებს ვიეტნამის ციხეებში.

სტოქდეილი ცოლს წერილებით დაშიფრულ საიდუმლო ინფორმაციას აწოდებდა, თუმცა იცოდა, რომ თუ ამას აღმოაჩენდნენ, მეტი წამება და, შესაძლოა, სიკვდილიც ელოდა.

იგი იგონებდა ხრიკებს სხვა ტყვეების დასახმარებლად, რათა მათ წამებისთვის გაეძლოთ. არავის შეუძლია განუსაზღვრელი დროით გაუძლოს წამებას, ამიტომ მან გამოიგონა ინფორმაციის გადაცემის ეტაპობრივი სისტემა. ამგვარად ჯარისკაცებს უჩნდებოდათ ორიენტირი, იმედი, რომელსაც ებღაუჭებოდნენ და ეს ტკივილის ატანაში ეხმარებოდათ.

სტოქდეილმა ასევე შეიმუშავა ინფორმაციის ერთმანეთისთვის გადაცემის სისტემა, რათა შეემცირებინა იზოლირებულობის შეგრძნება, რომლის შექმნასაც ციხეში ცდილობდნენ. ეს იყო მორზეს ანბანის მსგავსი – კედელზე დაკაკუნების რაოდენობა ანბანის ამა თუ იმ ასოს აღნიშნავდა.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ სტოქდეილი გახდა ამერიკის საზღვაო ფლოტის პირველი სამვარსკვლავიანი ოფიცერი – მას მფრინავის ორი ჯილდო და კონგრესის ღირსების ორდენი მიანიჭეს.

– “მე არასოდეს დამიკარგავს რწმენა” – უთხრა სტოქდეილმა ჯიმ კოლინზს ინტერვიუს დროს. – “არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ არა მარტო თავს დავაღწევდი იქაურობას, არამედ გამარჯვებულიც ვიქნებოდი და ის, რაც მე იქ განვიცადე, განსაზღვრავდა ჩემს მომავალ ცხოვრებას. ამ გამოცდილებას არაფერზე გავცვლი.”

– “ვინ ვერ გაუძლო?”

– “ო, ეს ადვილი შეკითხვაა. ოპტიმისტებმა. ისინი სულ ამბობდნენ: ჩვენ შობისთვის აქედან გავალთ. შობა კი მოდიოდა და მიდიოდა. შემდეგ ამბობდნენ: აღდგომისთვის გავალთ აქედან. აღდგომაც მოვიდოდა და გავიდოდა. მერე მადლიერების დღე და ა.შ ამასობაში გული უტყდებოდათ და იხოცებოდნენ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია. არასოდეს უნდა აგერიოთ გამარჯვების რწმენა მკაცრი სინამდვილისთვის თვალის გასწორების აუცილებლობაში, როგორი საშინელიც უნდა იყოს ეს ფაქტები.  ამავდროულად, არ უნდა მისცეთ თავს უფლება გამარჯვების რწმენა შეგერყეთ.”

წარმოიდგინეთ სტოქდეილი ვიეტნამის ციხეში, როდესაც იგი ოპტიმისტ ჯარისკაცებს არწმუნებდა: “იცოდეთ, ჩვენ აქედან შობისთვის ვერ გავალთ!”

 

რისი სწავლა შეგვიძლია სტოქდეილის ისტორიიდან?

 

ცხოვრებაში და ასევე ბიზნესში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ წარმატება ზურგს გვაქცევს და არ არსებობს მიზეზი ან ვინმე, ვისაც დავადანაშაულებთ.

სტოქდეილის მაგალითმა გვასწავლა, რომ ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს არა ის, შეხვდებათ თუ არა სიძნელეები, არამედ ის, თუ როგორ უმკლავდებიან გარდაუვალ სირთულეებს.

ცხოვრების გამოწვევებთან ბრძოლის დროს “სტოქდეილის პარადოქსი” (შეინარჩუნეთ რწმენა და ბოლოს თქვენ გაიმარჯვებთ, მაგრამ თან თვალი გაუსწორეთ მკაცრ სინამდვილეს) ეფექტური, გამოცდილი პრინციპია, რაც დაგეხმარებათ. სიძნელეების გადალახვამ კი არ უნდა დაგასუსტოთ, არამედ უნდა გაგაძლიეროთ.

“სტოქდეილის პარადოქსი” არის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშანი მათთვის, ვინც რაიმე დიდებულს ქმნის საკუთარ ან სხვების ცხოვრებაში.

მეორე მსოფლიო ომში ეს ახასიათებდა უინსტონ ჩერჩილს, ასევე, ადმირალ სტოქდეილს და ვიქტორ ფრენკლს, რომლებიც სამხედრო ტყვეების ბანაკში მოხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო კომპანიებს არც მსოფლიო გადაურჩენიათ და არც სამხედრო ტყვეებისას ცხოვრების გამოცდილება მიუღიათ, ისინი “სტოქდეილის პარადოქსის” პრინციპით ხელმძღვანელობდნენ.

რა უიმედო მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყოველთვის ინარჩუნებდნენ რწმენას, რომ არა მარტო გადარჩებოდნენ, არამედ გაიმარჯვებდნენ და წარმატებული, დიდებული კომპანიები გახდებოდნენ.