როდის არის ჩვენი სტარტაპი “ჩვილობის” ეტაპზე და როგორ ავარიდოთ თავი ამ დროს მარცხს
იცხაკ ადიზესის წიგნში “კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვა” ორგანიზაციული სასიცოცხლი ციკლის თეორიასა და ორგანიზაციული ცვლილებების მართვის პრინციპებს შეხვდებით, რომელზეც ავტორმა ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიმუშავა და პრაქტიკაში გამოიყენა.
ეს თეორია და პრინციპები ორგანიზაციაში არსებული ჩვეულებრივი და ანომალიური პრობლემების ერთმანეთისგან განსხვავებისა და, მკურნალობის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, კომპანიის მწვერვალზე/ზენიტის სტადიამდე აყვანის საშუალებას გვაძლევს. აგრეთვე, პასუხობს კითხვას, თუ რატომ იზრდებიან, ბერდებიან და კვდებიან კომპანიები და გვასწავლის, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ.
წიგნი ძირითადად, კომპანიებზეა ორიენტირებული, თუმცა მასში ის საერთო მახასიათებლებიცაა გამოკვეთილი, რომლებიც ცოლ-ქმრული ურთიერთობის ეტაპებს, პიროვნების ზრდასა და დაბერებას ცვლილებათა იმ პროცესს ამსგავსებს, რაც ცივილიზაციებში, ბიოლოგიურ სისტემებსა და რელიგიებშიც კი შეინიშნება.
არშიყობა
ორგანიზაციული განვითარების პირველ სტადიას არშიყობას ვუწოდებთ. ეს სტადია წინ უსწრებს ორგანიზაციას, რომელიც ჯერ კიდევ არ დაბადებულა და მხოლოდ იდეაში არსებობს.
არშიყობის სტადიაზე აქცენტი იდეებსა და შესაძლებლობებზე კეთდება. მომავალი დამფუძნებელი აღფრთოვანებული და აღტაცებულია. ის ცდილობს, ყველას “მიჰყიდოს”, თუ როგორი გასაოცარი იქნება მისი იდეა, როცა განხორციელდება.
როგორც ცოლ-ქმარს შორის სიყვარული აძლიერებს ერთგულებას, ასევე დამფუძნებელსაც არშიყობის სტადიაზე უნდა უყვარდეს კომპანიასთან დაკავშირებული იდეები, რომლებიც ერთგულების დამკვიდრებასა და შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. მოგვიანებით, განვითარების ადრეულ საფეხურზე, სწორედ დამფუძნებლის ერთგულება ეხმარება კომპანიას ჩვილობის პერიოდში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში.
ორგანიზაცია ცოცხლდება, როცა დამფუძნებლის ერთგულება წარმატებით გამოიცდება. ეს ხდება მაშინ, როცა დამფუძნებელიც და ინვესტორიც რისკზე მიდიან. ორგანიზაცია, რომლის მიმართაც ერთგულებას არავინ იჩენს, კვდება.
ჩვილობა
რისკზე წასვლის შემდეგ ორგანიზაცია დრამატულად იცვლება. ვალდებულებების გადასახდელად საჭიროა ფული. ყურადღება იდეებიდან და შესაძლებლობიდან შედეგების მიღწევაზე გადადის. კომპანიამ მიზნის მისაღწევად რაც შეიძლება მეტი უნდა გაყიდოს. ახლა, რადგან რისკის გაკონტროლება გვინდა, ახალი იდეები აღარ გვჭირდება. ჩვენ გაყიდვები გვაინტერესებს.
მაშინ, როცა დამფუძნებელი გაყიდვების მაჩვენებლის ზრდითაა დაკავებული, ჩვილი ორგანიზაცია გაყიდვებზე კი არა, პროდუქტზეა ორიენტირებული და თავად პროდუქტის დახვეწაზე, ტექნოლოგიასა და ფუნქციონირებაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს. ეს ნორმალურია? დიახ!
გამოუცდელი კომპანიისთვის რთულია ყურადღების იდეიდან შედეგზე გადატანა. ეს სტადია ქორწინებამდე და ქორწინების შემდგომი პერიოდის ანალოგიურია. ახალდაქორწინებული წყვილები ჩივიან: “ჩვენი ცხოვრებიდან რომანტიკა გაქრა. დაქორწინებამდე სულ ვსაუბრობდით. ქორწინების შემდეგ თითქმის ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს”. ამაზე პასუხი შემდეგია: “მართლაც ასეა. თუმცა და ქორწინებამდე შევთანხმდით, რომ ოჯახის შექმნა და სახლის ყიდვა გვინდოდა. ეს ყველაფერი ფული ღირს, რომელიც უნდა ვიშოვოთ”.
ჩვილი კომპანიებიც მსგავსი სირთულეების წინაშე დგანან. არშიყობის პერიოდში საუბრებისა და ოცნებების დრო იყო. ახლა, როცა კომპანიები რისკზე მიდიან, საუბრის დრო აღარ არის, მხოლოდ მოქმედების დროა.
ჩვილობის სტადიაში გაყიდვებზე მიმართული ძალისხმევა ყოველთვის იმაზე მცირეა, ვიდრე უნდა იყოს. ორგანიზაციაში ერთადერთი გამყიდველი დამფუძნებელია, რადგან მან ყველაზე უკეთ იცის პროდუქტი ან მომსახურება. ის პროდუქტის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია. თუმცა დამფუძნებლებს დრო არ აქვთ, რადგან პროდუქტის დიზაინითა და ხარვეზების გამოსწორებით არიან დაკავებული. მათ თავიანთი კომპანიის დასაფი ნანსებლად ფული უნდა მოიზიდონ და თან გზად არსებულ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდნენ. შედეგად, გაყიდვებს საჭირო დრო ის მხოლოდ მცირე ნაწილი ეთმობა.
ჩვილი ორგანიზაციებისთვის დამახასიათებელია:
- მოქმედებაზე ორიენტირება და შესაძლებლობით განპირობებული ქმედებები;
- შესაბამისად, მათ აქვთ ცოტა სისტემა, წესი ან პოლიტიკა, რის გამოც მოქმედებენ არათანამიმდევრულად;
- აქედან გამომდინარე, იმდენად დაუცველები არიან, რომ პრობლემები მალევე იქცევა კრიზისად და, შესაბამისად, მართვა კრიზისის დაძლევამდე დაიყვანება, ამიტომაც ლიდერი, რომელიც ყველაფერს თავად აკეთებს, ვერ იტანს ძალაუფლების გადანაწილებას;
- შესაბამისად, მუდმივად ხდება დამფუძნებლის ერთგულების გამოცდა, რაც გადარჩენისთვის აუცილებელია.