რატომ არის Uber-ი წარმატებული კომპანია

წარმატებული პროდუქტებისა და სერვისების აუცილებელი მახასიათებლებია სასურველობა (ხალხს სურს მათი ყიდვა), განხორციელებადობა (მათი შექმნა შესაძლებელია) და სიცოცხლისუნარიანობა (მოაქვთ შემოსავალი). დღესდღეობით კომპანიებს კარგად ესმით მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა, თუმცა ამავდროულად გადაჭარბებულად აფასებენ ტექნოლოგიების როლს.

სულაც არ გჭირდებათ უახლესი, უინოვაციურესი ტექნოლოგია წარმატებული პროდუქტის შესაქმნელად, ბევრ შემთხვევაში უკვე არსებული და გამოცდილიც საკმარისია.

უბერის ისტორიის მოსმენისას, ხშირადგამოყენებადი სიტყვებია ციფრული, ტექნოლოგია და გაბატონებული წესების დამსხვრევა. კომპანია 2009 წელს დაფუძნდა, დღედღეობით კი 60 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

ბევრს სჯერა, რომ ინოვაციურმა ციფრულმა ტექნოლოგიამ მოუტანა მას ეს წარმატება. სინამდვილეში ასე არაა! დიახ, უბერი იყენებს გამართულ ვებგვერდს, აპლიკაციას ჯიპიეს ლოკაციით, საკრედიტო ბარათით ავტომატურ გადახდას,  მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უკვე მრავალი წელია სტანდარტული ტექნოლოგიაა და ინოვაციას არ წარმოადგენს.

მაშინ რატომ არის უბერი წარმატებული?

კომპანია რამდენიმე ბიზნესმოდელს აერთიანებს, ესენია – გაციფრულების, ორმხრივი ბაზრისა და შენ – მე, მე – შენ ბიზნესმოდელები. სიმარტივისთვის, გადავხედოთ უბერის ბიზნესმოდელის ტილოს:

 

1. მომხმარებელთა სეგმენტები

 

უბერი ციფრული პლატფორმის საშუალებით ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანების ორ კატეგორიას – მათ, ვისაც შეუძლიათ სერვისი შესთავაზონ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ – ანუ კონკრეტულად მომხმარებელთა ორ სეგმენტს:

  • მძღოლებს, რომლებსაც ყავთ საკუთარი მანქანა და სურთ დამატებითი თანხის გამომუშავება.
  • მგზავრებს – მომხმარებლები, რომლებსაც არ ჰყავთ მანქანა ან არ მოსწონთ სტანდარტული ტაქსი, მაგრამ სჭირდებათ გადაადგილება და ტურისტები
2. ფასეული შეთავაზებაც ამ ორ სეგმენტზეა მორგებული:

 

  • კომპანია მძღოლებს სთავაზობს მოქნილ გრაფიკს, დამატებით შემოსავალს, მეტ მგზავრზე წვდომას და მომხმარებლების ძიების სირთულის გაქრობას.
  • მგზავრებისთვის მიმზიდველია ბარათით ფულის გადახდის შესაძლებლობა, უსაფრთხოება და სანდოობა, დაბალი ფასი, ასევე მძღოლების დიდი ქსელი, ლოდინის მცირე დრო და აპლიკაციით მანქანის მდებარეობის კონტროლი.
3. არხები

 

უბერი თავის სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციისთვის უმეტესად იყენებს რა თქმა უნდა ციფრულ არხებს:

  • ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია
  • სოციალური ქსელები
  • ციფრული რეკლამა
  • Word of mouth
4. ურთიერთობა მომხმარებლებთან

 

ძალიან გამართულად მუშაობს უკუკავშირისა და შეფასების სისტემა, რომელიც აპლიკაციაშია განთავსებული და მგზავრობის დასრულებისთანავეა შესაძლებელი აზრის დაფიქსირება.

ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ქსელების საშუალებით კომუნიკაცია მომხმარებლებთან.

5. ძირითადი საქმიანობა

 

ამგვარი ბიზნესმოდელის დამსახურებით, უბერს აღარ უწევს იზრუნოს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ტაქსების პარკის სერვისი და მწყობრში ქონა, ქოლ ცენტრი, პარკინგი… ეს გარდა იმისა, რომ აქრობს ძალიან ბევრ ცვლად თუ ფიქსირებულ ხარჯს, ასევე ამცირებს საქმეს. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა:

  • ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი-მართვა
  • მძღოლების შერჩევა-დაქირავება
  • მძღოლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან ურთიერთობა
  • მარკეტინგული აქტივობები
6. ძირითადი პარტნიორები

 

რადგან უბერს საკუთრებაში არ აქვს ტაქსის მანქანები, მძღოლები, რომლებიც საკუთარი მანქანებით მუშაობენ, მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან კომპანიისთვის.

ძირითადი პარტნიორები არიან ასევე ინვესტორები.

7. ძირითადი რესურსები

 

კომპანიის რესურსები, რომლებიც საჭირო საქმიანობის შესრულებაში ეხმარება არის

  • ვებგვერდი და მობილური აპლიკაციები
  • პროგრამული ინჟინრები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ზოგადად თანამშრომლები
  • მძღოლების დიდი ქსელი
  • მომხმარებლების მონაცემთა ბაზა
  • ბრენდი
8. ხარჯების სტრუქტურა

 

უბერის ძირითადი ხარჯები უკავშირდება:

  • ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტს, მართვას
  • ხელფასებს და სხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს
  • მარკეტინგულ საქმიანობას
  • CRM
  • R&D
9. შემოსავლის წყაროები 

 

კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა რა თქმა უნდა მგზავრობის საფასური, რომლიდანაც გარკვეული % საკომისიო ეკუთვნის უბერს, დანარჩენი კი – მძღოლს.

უბერი ასევე ფლობს დამატებით აპლიკაციებს, რომელთა საშუალებითაც აფართოვებს თავის სამომხმარებლო სეგმენტს და იმატებს შემოსავლის წყაროებს. ასეთია მაგ. UberBlack, რომელიც შავი ლიმუზინების სერვისს უწევს კონკურენციას თავისი ხელმისაწვდომობით; UberCargo, რომელიც სტანდარტული უბერის მსგავს ფასეულ შეთავაზებას აწვდის განსხვავებულ სეგმენტს;  Uber Eats, ერთმანეთთან აკავშირებს სამ სეგმენტს – კვებით დაწესებულებას, კურიერს და მშიერ მომხმარებელს

 

ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, რომ უბერი არ არის უბრალოდ ტაქსის კომპანია – იგი ონლაინ პლატფორმაა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანებს. თუ დავფიქრდებით არც ეს არის ინოვაცია. მსგავსი ბიზნესმოდელით სხვა ცნობილი ბრენდებიც სარგებლობენ, მაგ. eBay, Airbnb და სხვ.

მოდით დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვას – რატომ არის უბერი წარმატებული? მას ხომ არ აქვს ინოვაციური ტექნოლოგია, არც სრულიად ახალი ბიზნესმოდელი გამოუგონია?

გიპასუხებთ – მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია რამდენად სწორად დავაკავშირებთ ერთმანეთთან ტექნოლოგიასა და ბიზნესმოდელს. მხოლოდ ამას შეუძლია მოგიტანოთ მდგრადი, ძლიერი და ხანგრძლივი წარმატება, თუ რა თქმა უნდა, არ გაჩერდებით და მუდმივად იზრუნებთ განვითარებაზე.

გსურთ, რომ თქვენც შექმნათ წარმატებული კომპანია? მაშინ დღესვე დაიწყეთ თქვენი არსებული ბიზნესმოდელის შესწავლა და შეფასება ან თუ ახლა აყალიბებთ კომპანიას, დაფიქრდით, როგორი ბიზნესმოდელი ჯობია რომ შექმნათ.

გირჩევთ, აუცილებლად დაიხმაროთ ამ საქმის ექსპერტები – ოსტერვალდერის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ და „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“.