ნულიდან ერთამდე: დაკვირვება სტარტაპებზე, ან როგორ შევქმნათ მომავალი

მარიამ შარანგია ნულიდან ერთამდე

პიტერ თილი საყოველთაოდ ცნობილი ინვესტორი და აქტიური ანტრეპრენერია. ის კომპანია PayPal-ის თანადამფუძნებელი და Facebook-ის პირველი გარე ინვესტორია. მის წიგნში „ნულიდან ერთამდე“ აღწერილია ის უსაზღვრო შესაძლებლობები და მიმართულებები, რომელიც ჩვენ თვალწინ იშლება იდეების ძიებისას.

ავტორი სილიკონის ველის გამოწვევებსა და გადაწყვეტებზე დაფუძნებით წარმოგვიდგენს მის ხედვასა და სტრატეგიებს, თუ როგორ უნდა შევქმნათ ინოვაციური კომპანიები. „ამ წიგნს იმიტომ ვწერ, რომ გვმართებს დაფიქრება ჩვენს მომავალზე და ეს ფიქრი უნდა აღემატებოდეს 140 სიმბოლოს ან 15 წუთს, თუკი გვინდა გრძელვადიანი და რეალური პროგრესი მივიღოთ“.

ნულიდან ერთამდე აღნიშნულმა წიგნმა ავტორს საშუალება მისცა მკითხველისთვის გაეზიარებინა საკუთარი ხედვები და გამოცდილება, რომელიც ეფუძნება მის ანტრეპრენულ, საინვესტიციო თუ სხვა სახის პირად გამოცდილებას, რითიც იგი დაეხმარა ათასობით ადამიანს ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში.

წიგნის სახელწოდება აიხსნება მისივე ლაიტმოტივით, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ კომპანიებზე, სადაც ნულიდან იწყება საქმიანობა და რაღაც ახალს ქმნიან, განსხვავებით კომპანიებისა, რომლებიც დუბლირებენ იმ ბიზნესმოდელებს, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი და დროშია გამოცდილი. ეს უკანასკნელი შეუძლებელს ხდის კომპანიებში რადიკალური ცვლილებების განხორციელებას.

წიგნში, განსხვავებულ სცენარებთან მიმართებით, განხილულია შვიდი ძირითადი კითხვა, რომლებზეც პასუხის ქონა შესაძლოა ანტრეპრენერისთვის წარმატების გარანტიად იქცეს.

პირველი კითხვა თავად ინოვაციას ეხება – რამდენად დიდია სტარტაპის ინოვაცია. ავტორს მიაჩნია, რომ კომპანიებმა პროდუქტი სულ მცირე ათჯერ უნდა გააუმჯობესონ, რათა ის წარმატებული იყოს ბაზარზე. მცირედი გაუმჯობესებები შეიძლება მომხმარებლისთვის სრულიად უმნიშვნელო აღმოჩნდეს.

მეორე კითხვა უკავშირდება დროის სწორად შერჩევას – აღნიშნულმა ფაქტორმა შესაძლოა ხელი შეუწყოს სტარტაპის განვითარებას, ან პირიქით, არასწორად არჩეული დრო ბარიერად იქცეს ანტრეპრენერისთვის. ავტორი თვლის, რომ Google-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი მისი დროულობა იყო.

პიტერ თილის აზრს იზიარებს კიდევ ერთი მილიარდელი ანტერპრენერი, მარკ ანდრისენი – მისი რწმენით, სილიკონის ველზე ზოგიერთი სტარტაპი, მიუხედავად შესანიშნავი იდეისა, სწორედ დროის არასწორად შერჩევის გამო ვერ გახდა წარმატებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მეტი ვიფიქროთ კითხვაზე „როდის“.

მარიამ შარანგია
ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

შემდეგი საკითხი, რომელსაც ავტორი წიგნში განიხილავს, მონოპოლიას უკავშირდება. თილი ამტკიცებს, რომ უნიკალური პროდუქტის ქონა სასარგებლოა, ვინაიდან, მონოპოლია კომპანიებს საშუალებას აძლევს ფოკუსირდნენ უფრო მეტად ინოვაციაზე, ვიდრე კონკურენციაზე. ამ საკითხზე მსჯელობისას ავტორი კვლავ Google-ის მაგალითს განიხილავს და თვლის, რომ კომპანიას მისი მონოპოლიური მდგომარეობა ანიჭებს პრივილეგიას, რათა მისი დრო და რესურსები მიმართოს ინოვაციებისკენ და არა კონკურენციისკენ; სწორედ ეს უდევს საფუძვლად Google-ის უწყვეტ ინოვაციურობას.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ავტორი საკუთარ მსჯელობას გვიზიარებს, გუნდს უკავშირდება. თილის მტკიცებით, ისეთი გუნდის პოვნა, რომელიც ჩვენ მსგავსად იქნება მოტივირებული, რომ იდეა რეალობად აქციოს, აუცილებელია. ასეთი თანაგუნდელების მოსაძიებლად საჭიროა მოთმინება, საკუთარი თავის რწმენა და გამოცდილებაც, რაც შესაძლოა რთულად მოგვეჩვენოს, თუმცა იგი პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ავტორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად წარმოგვიდგენს პროდუქტის გავრცელების გეგმასაც. მეტიც, იგი თვლის, რომ დისტრიბუცია ისეთივე მნიშვნელობისაა, რამდენადაც თავად პროდუქტი. თილი თვლის, რომ მკაფიო სტრატეგიული გეგმის უქონლობა პროდუქტის გაყიდვას შეუძლებელს გახდის. შესაბამისად, სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია ზუსტი და მკაფიო გეგმის ქონა, თუ თავად როგორ მიიტანენ საკუთარ პროდუქციას მომხმარებლამდე.

საბოლოოდ ავტორი განიხილავს მდგრადობის საკითხს – იგი ფოკუსირდება საბაზრო მდგრადობის კონცეპტზე, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვას, 10-20 წლის შემდეგ იქნება თუ არა სტარტაპი კონკურენტუნარიანი.

მოკლე შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წიგნი, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მაგალითებსა და გამოცდილებაზე, ერთგვარი სახელმძღვანელოა ანტრეპრენერისთვის. მასში ღირსეულადაა წარმოჩენილი წარმატებისა და კაპიტალიზმის აღქმა 21-ე საუკუნის ეკონომიკის კონტექსტში, ამასთან, წიგნში სტარტაპებისთვის მოცემულია სასარგებლო რჩევები, სტრატეგიები და მიმართულებები.

აღსანიშნავი გარემოებაა, რომ წიგნის წაკითხვისას ვერ გავექცევით შეგრძნებას, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ავტორმა თავად გამოსცადა ყველაფერი, რაზეც მოგვითხრობს.

წიგნში გადმოცემული ამბები საკმაოდ ინფორმაციული და აღქმადია, ეს კი მკითხველს აძლევს საშუალებას გაიაზროს მის მიერ წარსულში ჩამოყალიბებული შეხედულებები. ამასთან, ავტორი უხვად გვიზიარებს სტრატეგიებს, ხედვასა და მაგალითებს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ წიგნში ვხვდებით კონკრეტულ დოგმატურ მოსაზრებებსა და სტერეოტიპებს, მათ შორის, ავტორის ხედვას, რომ წარმატება მხოლოდ რადიკალური ინოვაციებით მიიღწევა. მცირედი ინოვაციები და შედარებით დაბალშემოსავლიანი კომპანიები კი წარუმატებელ მაგალითებადაა განხილული.

კრიტიკული თვალი წიგნის კითხვისას ჩათვლის, რომ მისი გამოქვეყნების თარიღის მიუხედავად (2014 წ.), წიგნში იგრძნობა ე.წ. “dot-com bubble” პერიოდის მაგალითების სიუხვე, რაც შესაძლოა უკვე მოძველებული იყოს ‒ ამასთან, აუცილებელია მასში ინტეგრირებული და განხილული ყოფილიყო უფრო ახალი ხედვები და იდეები, რომლებიც თანამედროვე სტარტაპების ეკოსისტემაში გვხვდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული წიგნი მკითხველს საინტერესო და ინფორმაციულ ხედვას სთავაზობს. ის ერთნაირად სასარგებლოა როგორც გამოცდილი, ისე დამწყები ანტრეპრენერისთვის.

წიგნში განხილული კონცეპტები ერთგვარი საკვებია გონებისთვის, იგი უბიძგებს მკითხველს სწორი მიმართულებისკენ და განსხვავებული პერსპექტივით დააფიქრებს მისსავე იდეებზე.

 

წყარო: forbeswoman.ge