მაკდონალდსის ბიზნესმოდელის ტილო
🍔 მაკდონალდსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელიც წლებთან ერთად უფრო და უფრო წარმატებული ხდება. დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამ განაპირობა ეს?
ბიზნესმოდელის სწორად ჩამოყალიბება და ინოვაციური ნიშის პოვნა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან.
ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში, შეფასებასა და გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ პრაქტიკული ხელსაწყო ბიზნესმოდელის ტილო.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ მაკდონალდსის ბიზნესმოდელის ტილო 👇
1. ძირითადი პარტნიორები
მაკდონალდსის ბიზნესმოდელში დიდი ნაწილი ფრენჩაიზინგს უჭირავს. 2017 წელს მისი რესტორნების 92%-ს სწორედ ფრენჩაიზები წარმოადგენდა. ბრენდის გრძელვადიანი მიზანია ამ წილმა 95%-ს მიაღწიოს.
მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან საკვების, ინგრედიენტების, სასმელებისა და ასევე შეფუთვების მომწოდებლები.
Toys’R’Us მაკდონალდსს სათამაშოებს აწვდის, რაც საბავშვო სეგმენტზე გათვლილი პროდუქციის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებთან პარტნიორობა საშუალებას აძლევს კომპანიას დამატებითი გაყიდვების არხები შექმნას.
ადგილზე მიტანის კომპანიების საშუალებით კი მაკდონალდსი აუმჯობესებს საკუთარი მომხმარებლის გამოცდილებასა და მომსახურებას.
2. ძირითადი საქმიანობა
მაკდონალდსის ძირითადი საქმიანობაა საკვების მომზადება, მომხმარებელთა მომსახურება, ასევე, რესტორნების მშენებლობა-მართვა, ფრენჩაიზებისა და ლოგისტიკური ქსელის მენეჯმენტი.
კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი კონტროლი.
აღსანიშნავია, მარკეტინგული მიმართულებით საქმიანობაც, რითიც ბრენდი საკმაოდ გამოირჩევა და აქტიურობს.
3. ძირითადი რესურსები
მაკდონალდსის ძირითადი მატერიალური რესურსია რესტორნების ქსელი, სათამაშო ზონები. მის საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლოგისტიკური ქსელი და მისი გამართული მუშაობა.
არამატერიალურ რესურსებს რაც შეეხება, მაკდონალდსის სიძლიერეა მისი ბრენდი, თანამშრომლები და რეცეპტები.
4. მომხმარებელთა სეგმენტები
მაკდონალდსს მომხმარებელთა დიდი აუდიტორია ჰყავს, რომელიც მოიცავს ბავშვებს, ახალგაზრდებს, ოჯახებს, დაკავებულ მშობლებს და ზოგადად მასობრივ ბაზარს.
კომპანიის სამიზნე აუდიტორიაა ასევე ბიზნესები/ბიზნესმენები, რომლებიც მაკდონალდსის პოტენციური ფრენჩაიზერები არიან.
5. ფასეული შეთავაზება
ბრენდის მთავარი და ყველასათვის ცნობილი ფასეული შეთავაზებაა გემრიელი, სწრაფი კვება, სტაბილურად მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასი.
მაკდონალდსი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დრო დაზოგონ და კვებასთან ერთად ისიამოვნონ თანამედროვე, კომფორტული გარემოთი, უფასო wifi-თ.
საბავშვო სეგმენტისთვის წარმატებული ფასეული შეთავაზებაა საბავშვო მენიუ, სათამაშო ზონები და წვეულებები.
6. არხები
მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ფასეული შეთავაზების მისაწოდებლად მაკდონალდსი იყენებს ციფრულ არხებს, როგორებიცაა საკუთარი ვებგვერდი, მობილური აპლიკაცია, სოციალური მედია.
ბრენდი კომუნიკაციას ახდენს ასევე ტელევიზიის, რადიოს, პრესის, ბილბორდებისა და ონლაინ მედიის საშუალებით.
მაკდონალდსის პროდუქციის გაყიდვებისა და საკომუნიკაციო არხებია თავად მაკდონალდსის რესტორნები, ასევე აეროპორტები და სავაჭრო ცენტრები.
მნიშვნელოვანია ადგილზე მიტანის სერვისის პროვაიდერებიც, რომელთა საშუალებითაც მაკდონალდსი მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პროდუქტებზე, სპეციალურ შეთავაზებებზე და მიაქვს შეკვეთა მათთვის სასურველ ადგილას.
7. ხარჯების სტრუქტურა
მაკდონალდსს აქვს ადმინისტრაციული, უძრავი ქონების შენახვისა და თანამშრომლების ხელფასების დანახარჯი. ასევე მნიშვნელოვანია, საკვები მასალების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის (ბრენდინგი, კომუნიკაცია) ხარჯები.
8. შემოსავლების წყაროები
კომპანიას ორი შემოსავლის წყარო აქვს: მაკდონალდსის რესტორნებიდან შემოსავალი, რაც მოიცავს პროდუქციის გაყიდვას და წვეულებებს; ფრენჩაიზის საფასური და მისი გაყიდვებიდან შემოსავალი.