LinkedIn ბიზნეს მოდელის ტილო

Linkedin მრავალმხრივი პლატფორმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, რომელთაც სურთ პროფესიული ქსელის შექმნა და ბიზნესისთვის სასარგებლო კონტაქტების დამყარება, კარიერული შესაძლებლობების გაფართოების მიზნით.

სოციალური ქსელი ფრიმიუმის ბიზნეს მოდელზეა დაფუძნებული, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის სერვისების უმეტესი ნაწილის უფასოდ შეთავაზებას, პრემიუმ სეერვისების საფასურის სანაცვლოდ. აღსანიშნია, რომ კომპანიას, რომელიც „ფრიმიუმ“ მოდელს იყენებს, ბევრი მომხმარებელი ჰყავს. ისინი უფასო შეთავაზებით სარგებლობენ. უმრავლესობას ეს აკმაყოფილებს და არასდროს იხდის პრემიუმ შეთავაზებისთვის. მხოლოდ მცირე ნაწილი, ხშირად 10%, ხდება პრემიუმის გამომწერი. ეს მცირე რაოდენობა ახდენს უფასო სერვისების მომხმარებლების სუბსიდირებას.

მოდით, გავიგოთ, როგორია LinkedIn-ის ბიზნესმოდელი და რა ღირებულებები იმალება მასში:

 

ძირითადი პარტნიორები

LinkedIn-ის ძირითადი პარტნიორები არიან: მონაცემთა ცენტრები (რომლებიც უზრუნველყოფენ  ონლაინ პლატფორმის მუშაობისთვის აუცილებელი სტრუქტურის განვითარებას), თანამშრომლები, უნივერსიტეტები, სასწავლო კურსების შემქმნელები და კომპანიები, რომლებიც LinkedIn-ს იყენებენ, რათა თავიანთი მარკეტინგული და გაყიდვების აპლიკაციები დაუკავშირონ პლატფორმას (მაგ.Zoom, Adobe და Oracle).

ძირითადი აქტივობები

Linkedin-ის მთავარ აქტივობას პლატფორმის განვითარება და განახლება წარმოადგენს. სხვა ძირითადი აქტივობები კი მოიცავს მომხმარებელთა შენარჩუნებასა და მათი რიცხვის ზრდაზე მუშაობას, ინფორმაციის და კონფიდენციალურობის დაცვასა და ბიზნესებთან პარტნიორული კავშირების დამყარებას.

ძირითადი რესურსები

LinkedIn-ის ძირითადი რესურსია პლატფორმა, ბიზნესის მთავარი საფუძველი.

ფასეული შეთავაზება

Linkedin-ის ფასეული შეთავაზება მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით განსხვავდება:

  • მომხმარებლები: პლატფორმა, გამოავლინონ ნიჭი და შესაძლებლობები, დაამყარონ კავშირები და შექმნან საკუთარი ბრენდი
  • ბიზნესი: გლობალური კანდიდატების მონაცემთა ბაზის ათვისების შესაძლებლობა
  • რეკლამის განმთავსებლები: კვალიფიციურ აუდიტორიასთან წვდომა, მიზნობრივი და გაზომვადი რეკლამებისა და კამპანიების მეშვეობით

მომხმარებელთან ურთიერთობა

ვინაიდან LinkedIn სოციალური ქსელია, რაც უფრო მეტი ადამიანია მასში გაწევრიანებული, მით უფრო მეტი ღირებულების შეთავაზება შეუძლია მას თითოეული მათგანისთვის. ამიტომაც, მომხმარებელთან ურთიერთობა, ბევრად მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ცალკე აღებული პლატფორმა.

არხები

Linkedin-ის ყველაზე მნიშვნელოვან არხებს წარმოადგენს, მისი ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია.

მომხმარებელთა სეგმენტები

ვინაიდან LinkedIn მრავალმხრივი პლატფორმაა, მომხმარებელთა სეგმენტების დაყოფა შემდეგნაირად ხდება:

  • მომხმარებლები, რომლებსაც LinkedIn-ზე პირადი პროფილი აქვთ
  • დამსაქმებლები/რეკრუტები, რომლებიც ეძებენ კანდიდატებს
  • რეკლამის განმთავსებლები, რომლებსაც სურთ მისწვდნენ მიზნობრივ და კვალიფიციურ აუდიტორიას კონკრეტული კამპანიებისთვის

ხარჯების სტრუქტურა

LinkedIn-ის ხარჯების სტრუქტურა დაკავშირებულია პლატფორმის განვითარებასთან, შენარჩუნებასა და ზრდასთან. ეს მოიცავს თანამშრომლების, დეველოპერებისა და კონსულტანტების ანაზღაურებას, ბრენდინგსა და მარკეტინგს.

შემოსავლის წყაროები

პლატფორმის გარკვეული სერვისები, როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, ფასიანია. ის მომხმარებელს სთავაზობს: პრემიუმ ექაუნთს, ტალანტების მოზიდვის შესაძლებლობას, მრავალფეროვან სასარგებლო გადაწყვეტებს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.