ელენე თაყაიშვილი – ეს არის მარკეტინგი

ელენე თაყაიშვილი ეს არის მარკეტინგი
წიგნი: ეს არის მარკეტინგი
წიგნის ელჩი: ელენე თაყაიშვილი, “ჯეპრას” კონსულტანტი

 

ჩემთვის, როგორც მარკეტინგსა და კომუნიკაციებში მომუშავე პირისთვის, საკმაოდ საინტერესო წასაკითხი იყო სეთ გოდინის „ეს არის მარკეტინგი“. სიამოვნებით ვკითხულობდი, ვფიქრობდი და ვცდილობდი განმევითარებინა ჩემი ხედვები ამ სფეროში.

წიგნი, რა თქმა უნდა, გამოსადეგია მარკეტერებისთვის და დაეხმარება მათ, შეხედონ საკუთარ სამუშაოს განსხვავებული პერსპექტივიდან, თუმცა იგი ასევე ძალიან კარგი წასაკითხი იქნება ბიზნესის მფლობელებისთვის, სტარტაპერებისთვის, გაყიდვებისა და ბრენდ მენეჯერებისთვის ან სფეროთი დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.

წიგნში ვერ შეხვდებით რჩევებს და ხრიკებს იმაზე, თუ როგორ გაზარდოთ მომხმარებელთა რაოდენობა თქვენს ფეისბუქ გვერდზე, ან გაყიდვები ონლაინ შოპში. არამედ ავტორი ცდილობს დაგვაფიქროს და უფრო სიღრმისეულად დაგვანახოს, რა არის მარკეტინგი.

შენი აზრით, მაინც რა არის მარკეტინგი?

 

მოტყუება, გაცურება, თაღლითობა, ზეწოლა, სპამები, სპამები, კიდევ სპამები – ფიქრობ, ეს არის მარკეტინგი? გეშინია მარკეტერების? სულ გგონია, რომ უნდა მოგატყუონ?

ვიცი და არ მიკვირს. ეს ეგოიზმზე აგებული მარკეტინგია, რომელსაც ხშირად მიმართავენ – ეს კი ნიჭიერ მარკეტერებს თავიანთი გენიალური იდეების გამჟღავნებაში ხელს უშლის, რათა „არატრენდულებს“ არ მიაკუთვნონ.

სეთ გოდინის წიგნი არის მათთვის, ვინც ეძებს პასუხს კითხვებზე – არის თუ არა მარკეტინგი რეკლამა? უსაშველო და დამღლელი ბილბორდების კილომეტრიანი რიგები? ბრდღვიალა პოსტერები?

არა, მარკეტინგი გაუმჯობესებაა, დახმარებაა, პრობლემისა და მისი გადაწყვეტილებების გაზიარებაა, ახალი შესაძლებლობებია, ბევრად მეტია ვიდრე იყო, და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში.

თუმცა, თუკი მოგწონს დღევანდელი მარკეტინგის ხედვა და იდეა, მაშინ გეტყვი, რომ არასწორ ადგილას მოხვდი, ჯობს არ წაიკითხო ეს წიგნი. ამას შენ მაგივრად სხვები გააკეთებენ.

არ გეგონოს, რომ მარკეტინგს დიდი კომპანიების აღმასრულებლები ქმნიან, მარკეტინგს ქმნის ხალხი. მარკეტინგი ხარ შენ, შენ რომელიც თანამშრომლებს იდეებს უზიარებ, შენ, რომელიც არსებულ ან პოტენციურ კლიენტთან შესახვედრად ემზადები, შენ, რომელიც საცხოვრებელი ეზოს გასალამაზებლად მეზობლებს უხმობ და შენს ხედვას უზიარებ – ახლა ეს შენი საქმეა!

შეეწინააღმდეგე დინებას, იარე ქარის საწინააღმდეგოდ, ირბინე მოხრეშილ გზაზე – სწორი ასფალტიანი გზის მაგივრად.

არანაირი ოქროს შუალედი, არანაირი ბეწვის ხიდი – აქ და ახლა შეხედე ყველაფერს განსხვავებულად! დაიწყე ახლავე განსხვავებული იდეების აღქმა, გააზრება და გაყოლა.

დროა!