გიორგი ყანჩაველი: ბიზნესმოდელის ტილო გეხმარება აღიქვა თითოეული კომპონენტი, როგორც ერთიანი მოდელის განუყოფელი ნაწილი
წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: გიორგი ყანჩაველი
ელჩის შესახებ: გიორგი არის ტრენერი და ლექტორი. აქტურადაა ჩართული ტექნოლოგიების სფეროში, ქმნის ვებ და მობაილ პროგრამულ გადაწყვეტებს, როგორც საკუთარი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის, ასევე წამყვანი კომპანიებისთვის. 2019 წელს გამოიცა მისი სახელმძღვანელო თემაზე: ელ. კომერცია.
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით გიორგის ბლოგს: kanchaveli.ge
2013 წელს აღმოვაჩინე მეთოდოლოგია – ბიზნესმოდელის ტილო (Business Model Canvas), რომელიც მხოლოდ მორიგი ბლოგპოსტისთვის მჭირდებოდა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე მალევე გამოვიყენე საკუთარი სტარტაპისთვის. შემდეგ უკვე სხვა არაერთ სტარტაპთან კონსულტაციებისა და ტრენინგების დროს ჩემი შეუცვლელი მეთოდი გახდა.
მთავარი უპირატესობა, რის გამოც ტილოს მეთოდოლოგია მომწონს, არის ის, რომ ძალიან ამარტივებს ინდივიდუალურად თუ გუნდში აზროვნებას, გეხმარება აღიქვა თითოეული კომპონენტი, როგორც ერთიანი ბიზნესმოდელის განუყოფელი ნაწილი. ძალიან ადვილი და ეფექტურია მასზე მუშაობა.
წარმოიდგინეთ, როდესაც გუნდი მუშაობს ბიზნესმოდელზე და ყველა იდეა თუ პროცესი იწერება დოკუმენტის სახით, რამდენიმე დღიანი მუშაობის შემდეგ კი აღმოაჩინეთ, რომ რაღაც შესაცვლელია. თქვენ 49 გვერდიან ნამუშევარში უნდა იპოვოთ ეს ცვლილება რაზე ზემოქმედებს და ყველგან უნდა ჩაასწოროთ, ეს საშინელებაა. ბიზნესმოდელის ტილო მსგავს პრობლემებს თავიდან აგარიდებთ. თქვენ შეძლებთ შეცვალოთ ნებისმიერი რამ ნებისმიერ დროს და დააკვირდეთ, ბიზნესმოდელის რა კომპონენტზე იმოქმედებს ის.
ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენებისას დაიმახსოვრეთ მთავარი წესი – არ შეგეშინდეთ შეცდომების, ყველა იდეა რაც მოგივათ დაამატეთ ტილოზე, დაამუშავეთ. ტილოზე მუშაობა არ არის ერთჯერადი პროცესი, იმუშავეთ მანამ, სანამ არ გაგინათდებათ გონება და არ მიაგნებთ რეალურად მუშა ბიზნესმოდელს. მოგვიანებითაც არაერთხელ მიუბრუნდით და იფიქრეთ, რისი შეცვლით შეძლებთ ინოვაციების და გაუმჯობესებების შეტანას თქვენს საქმიანობაში.