როგორ უნდა დაძრა ადგილიდან შენი იდეა – HBR
იდეა გაქვს, რომელიც შენი კომპანიის მოგებას სასიკეთოდ წაადგება ან მუშაობისთვის უკეთეს ადგილად აქცევს მას. როგორ მიიმხრო ხალხი? როგორ მოიპოვო დაფინანსება? როგორ უნდა მოიქცე, თუკი იდეამ ფეხი ვერ მოიკიდა?
ავტორი რებეკა ნაითი – წიგნში „HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში“ ამ კითხვებზე პასუხებსა და გადაწყვეტებს გვთავაზობს.
რას ამბობენ ექსპერტები?
იდეალურ სამყაროში გენიალური ახალი იდეა მოიფიქრე, კოლეგებს მოუყევი და მათაც მაშინვე დააფასეს ამ იდეის გენიალურობა. შენს ხელმძღვანელს მოსწონს ის და შენც! მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსებიც უყოყმანოდ გამოგიყო. მაგრამ ეს რეალობა არ არის. „მეტისმეტად რთულია ახალი ინიციატივის დაწყება“, ამბობს ჯონ ბუტმენი, ავტორი წიგნისა „გარღვევა: როგორ მოიპოვო გავლენა იდეათა შეჯიბრების სამყაროში“. „ძნელია, ხალხს ბოლომდე მოასმენინო შენი იდეა, მიახვედრო მას და აამოქმედო“.
ეს შეიძლება მართლაც ძნელია, მაგრამ – სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარიც, რომელსაც ათვისება სჭირდება. „ორგანიზაციებისთვის აუცილებელია ცვლილება, ადაპტაცია და ინოვაცია, – ამბობს ის, – თუკი ასე არ მოიქცევით, სტაგნაცია და გაქრობა გარდაუვალია“. მაგრამ ფსონად მხოლოდ შენი კომპანიის წარმატება როდი დევს“, – ამბობს სიუზან ეშფორდი, მიჩიგანის უნივერსიტეტის როსის ბიზნესსკოლის მენეჯმენტისა და ორგანიზაციის პროფესორი. შენი კარიერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი ინიციატივების განხორციელების უნარს. „გსურს სხვებისგან განსხვავდებოდე, გამორჩეული იყო, ლიდერად დაგინახონ, – ამბობს ის, – და ერთ-ერთი გზა ამის მისაღწევად ახალი იდეების შეთავაზება და მათი განხორციელებაა“.
ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაძრა ადგილიდან შენი იდეა.
გაარკვიე, რა გამოძრავებს
კოლეგისთვის ახალი იდეის გაზიარებამდე დაფიქრდი შენს მოტივებზე, გვაფრთხილებს ბუტმენი. თავს ორი კითხვა დაუსვი: ამას რატომ ვაკეთებ? რის მიღწევას ვცდილობ? „უნდა შეგეძლოს საკუთარი მოტივების გასაგებად გადმოცემა“ საინტერესოდ და დამაჯერებლად, ამბობს ბუტმენი. თუ ინიციატივა მხოლოდ შენ მოგიტანს წარმატებას, უკეთესი სამუშაოს მიღებაში დაგეხმარება, ან უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევ, ადამიანები სკეპტიკურად განეწყობიან. „აუცილებელია, რომ სარგებელი სხვამაც ნახოს, არა მხოლოდ შენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა გექნება“.
არ არის საჭირო მასშტაბურად ფიქრი
ამის შემდეგ, „რამდენადაც შესაძლებელია, დააკონკრეტე შენი იდეა და ერთ სპეციფიკურ საკითხამდე დაიყვანე“, ამბობს ბუტმენი. ზუსტად განსაზღვრე, რას ირჩევ.
შეკრიბე უკუკავშირი
შენი იდეის შესამოწმებლად გამოიყენე მეთოდი, რომელსაც ბუტმენი „კოქტეილის წვეულების ტესტს“ უწოდებს. როდესაც ხვდები კოლეგებს, რომლებიც შესაძლოა შენი იდეით დაინტერესდნენ – იმათ, ვისთანაც მჭიდროდ თანამშრომლობ ან სრულიად სხვა განყოფილებისა თუ დეპარტამენტის თანამშრომლებს, – არაფორმალურ გარემოში იმსჯელეთ შენს იდეაზე. „საკუთარი იდეის წარსადგენად დაახლოებით ამდაგვარი რამ თქვი: „ამის შესახებ მეც ვიფიქრე“, ან „ამ საკითხზე რას ფიქრობთ?“, გვირჩევს ბუტმენი. შემდეგ ყურადღებით მოუსმინე, რას გიპასუხებენ. „შეკითხვები გჭირდება. საპირისპირო მოსაზრებები. ხელისკვრა“, ამბობს ის.
შენი ამბავი აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბე
კარგად მოიფიქრე, როგორ „მიჰყიდი“ შენს ინიციატივას კოლეგების სხვადასხვა ჯგუფსა და ხელმძღვანელებს. „იფიქრე, რომ თითოეულ აუდიტორიას მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნა, – ამბობს ეშფორდი, – თუკი მოცემულ მომენტში ფინანსურ ჯგუფს ესაუბრები, ინიციატივის ფინანსურ სარგებლიანობაზე უნდა ისაუბრო „სრული დამაჯერებლობით“. უნდა შეგეძლოს, მოკლედ და ნათლად ისაუბრო და ამ დროს პრობლემის გადაჭრას სთავაზობდე“, ამატებს ის. რაც უნდა იყოს, „ლიფტში გადაწყვეტილების მიმღებთან ერთად აღმოჩენილს სალაპარაკოდ ბევრი დრო არ გაქვს და ვერც „პაუერ პოინტში“ აწყობილ სლაიდებს გააკრავ კაბინის კედლებზე“. ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ „მასალას ყველა სხვადასხვაგვარად ითვისებს.
„ხალხს მოუყევი, როგორ მიხვედი ახალ იდეამდე, რატომ არის პირადად შენთვის ასე მნიშვნელოვანი მისი განხორციელება, – ასკვნის ეშფორდი, – შენი პრეზენტაცია და პროექტის რეკლამირება მხოლოდ დიაგრამებისა და გრაფიკების ნაკრები არ უნდა იყოს; აუცილებლად სჭირდება ვიზუალური მიმზიდველობაც“, ამბობს ის.
გაყიდე, გაყიდე, გაყიდე
შენი იდეის გაყიდვა „ერთჯერადი მოვლენა კი არა, მთელი კამპანიაა… პირველი ნაბიჯია მათი თავის დაქნევა თანხმობის ნიშნად, მაგრამ აღტაცების გამოწვევას და დაფინანსების მოსაპოვებლად საჭიროა, ისინი შთააგონო. „საჭირო ადამიანებში ემოციების აღძვრასთან ერთად მათი რაციონალური „მეს“ ჩართვაც გჭირდება“, აღნიშნავს ის. შენი მიზანია, „შეამცირო წინააღმდეგობა, შენი ხომალდის გემბანზე აიყვანო ხალხი, მოკავშირეები შეიძინო და რესურსები გააერთიანო“. ბუტმენის თქმით, „ყოველი გარიგება ყოველთვის რაღაც შეთანხმებამდე უნდა მიიყვანო“. „ყოველ ჯერზე, როდესაც მასზე საუბრობ, გინდა, ხალხმა წინანდელზე ცოტა მეტი შეიტყოს იდეაზე და კიდევ უფრო მეტად მიემხროს მას“.
საცდელი ვერსიის ამოქმედების შეთავაზება
ეშფორდის აზრით, საჭიროა იდეის საცდელი ვერსიის ამოქმედება შესთავაზო. „მოდი, ყველაფრის ერთბაშად შეცვლაზე ნუ ვიღელვებთ, უბრალოდ, საცდელი ვერსია ავამუშაოთ, – ამბობს ის, – ამ გზით რაღაც გრანდიოზული და უახლესი ცვლილებების დანერგვის რისკი შემცირდება. საცდელი ვერსიები „ადამიანებს იდეის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს“. საცდელი ვერსიის ასამოქმედებლად საჭირო ბიუჯეტის გამოყოფის უფლებამოსილება თუ არ გაქვს, მით უფრო მეტად უნდა ეცადო იდეის მიყიდვას იმათთვის, ვისაც ეს შეუძლია.
ფარ-ხმალს ნუ დაყრი
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მუდმივად დაბრკოლებებს აწყდები და შენს ინიციატივას განხორციელება არ უწერია, ფარ-ხმალს ნუ დაყრი. ბუტმენის სიტყვებით, „ზოგჯერ იდეის არსს მაშინვე იგებენ და იზიარებენ, ზოგჯერ კი მის ფეხის მოკიდებას ათწლეულები სჭირდება“. ასეთ დროს უმთავრესი შეუპოვრობაა.
წიგნის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.