“ატომური ჩვევები” სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას
უნდა ვაღიარო, თავდაპირველად, წიგნის მიმართ სკეპტიკურად განვეწყე. გარკვეული სტერეოტიპების ტყვეობაში აღმოვჩნდი. ესეც ჩვევაა, თუმცა ცუდი.
სათაური ზედმეტად ამბიციური მომეჩვენა, ავტორიც სრულიად უცნობი იყო და წიგნის ორიგინალის გამოსვლიდან ცოტა დრო იყო გასული. თითქოს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ წიგნის არნახული პოპულარობა უფრო ე.წ. ჰაიპის, ვიდრე მისი შინაარსობრივი ღირებულების შედეგი.
საბედნიეროდ, შევცდი.
წიგნის პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ „ატომური ჩვევები” ის იყო, რის გამოც მიყვარს ბიზნესლიტერატურის კითხვა – მიბიძგოს ცვლილებისკენ, გაამდიდროს ჩემი გამოცდილება და ახალი ცოდნით გააუმჯობესოს ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრება.
ეს წიგნი საინტერესოცაა და სასარგებლოც. სასარგებლოა იმიტომ, რომ შენი შეძენილი თუ შესაძენი ჩვევების ჩამოყალიბების დეტალურ ახსნას გთავაზობს, ყოფს მათ უმცირეს ნაწილებად და მათი წარმოქმნის მექანიზმების რეალურ ბუნებას წარმოადგენს, ხოლო საინტერესოა, რადგან მთლიანად დაფუძნებულია ავტორის წარმატებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელსაც რევოლუციური და თანამედროვე თეორიები უმყარებს ზურგს.
შედეგად, ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევების” სახით გვაქვს ატომური ჩვევების შექმნის მოწინავე მეთოდოლოგიაც და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების უნიკალური შესაძლებლობაც.
შთამბეჭდავი ისიცაა, რომ პრაქტიკული რჩევები მარტივი და ყველასთვის გასაგები ენითაა გადმოცემული. რთული სამეცნიერო ტერმინებისგან თავისუფალია წიგნის ლექსიკაც. ქართულ ენაზე მთარგმნელისა და სარედაქციო კოლეგიის დამსახურებით კი ამ წიგნის კითხვა ერთგვარ სიამოვნებად გექცევათ.
„ატომური ჩვევები” არის წიგნი ყველასთვის!
სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას.
მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.