რუსკა უსტიაშვილი წიგნის “კარგიდან საუკეთესომდე” შესახებ
წიგნი: კარგიდან საუკეთესომდე
წიგნის ელჩი: რუსკა უსტიაშვილი, “ჯეპრას” კონსულტანტი
წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ ბევრ ისეთ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, რომელიც ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ ბიზნესის რთულ სამყაროში სწორი გადაწყვეტილების მოძიებაში.
ჯიმ კოლინზმა, ამერიკელმა მკვლევარმა, სპიკერმა და გავლენიანმა კონსულტანტმა ბიზნესის მართვის მიმართულებით გამოსცა წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“, რომელიც მალევე გახდა ჟანრის ბესთსელერი და მენეჯმენტის თეორიის თანამედროვე კლასიკადაა აღიარებული.
მკვლევართა გუნდთან ერთად ჩატარებული 5 წლიანი სიღრმისეული კვლევის უმთავრესი ამოცანა კოლინზისთვის იყო, გაერკვია, როგორ, რა მიდგომებით მოახერხმა ზოგმა კომპანიამ „შესანიშნავად“ ქცევა, დანარჩენებმა კი – რატომ განიცადეს მარცხი ამ პროცესში.
„შესანიშნავი“ – ამ შემთხვევაში სუბიექტური ტერმინია და ისეთი კომპანიებს გულისხმობს, რომელთა ფინანსურმა მაჩვენებლებლებმა 15 წლის მანძილზე გადააჭარბა ბაზრის საშუალო მონაცემებს.
კოლინზმა გადახედა ბიზნესის ისტორიას და გამოყო ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ „შესანიშნავობის“ კრიტერიუმს, შემდეგ გააანალიზა ის მახასიათებლები, რომლითაც აღნიშნული კომპანიები განსხვავდებოდნენ კონკურენტებისგან. მიღებული შედეგები კი დეტალურად ასახა წიგნში.
წიგნში მან თავი მოუყარა მართვასთან, პერსონალთან დაკავშირებულ თუ ოპერაციულ ყველა იმ პრაქტიკას, ქცევასა და დამოკიდებულებას, რომელიც ხელს უწყობს ან ეწინააღმდეგება კარგიდან შესანიშნავად გარდაქმნის პროცესს.
მთავარი მიგნებები და აღმოჩენები კი სწორედ იქიდან გამომდინარეობს, თუ როგორ ხდება, რომ ერთი და იგივე საქმიანობის, ზომის, მოგების და პროდუქციის ხაზის არსებობის შემთხვევაში, ერთნი აღწევენ შესანიშნავ შედეგებს, მაშინ როდესაც სხვებს სტაბილურობაც უჭირთ.
ავტორი გვისაბუთებს, რატომ უნდა ვირწმუნოთ იმ მარტივი ჭეშმარიტებების, როგორიცაა სწორი ხალხის შერჩევა, ჩვენი ძლიერი მხარეების სწორად გააზრება, საკუთარი თავის რწმენა და გულმოდგინე, დისციპლინირებული მუშაობა მანამ, სანამ წარმატება არ იქნება მიღწეული.
ეს შესანიშნავი წიგნია ახალბედა მენეჯერებისთვის, რომლებიც განვითარების სწორი კურსის შერჩევას მეხუთე დონის ლიდერად ჩამოყალიბების პროცესში შეძლებენ.