5 კითხვა, რომელიც უნდა დასვათ ბიზნესმოდელის ტილოს შესახებ
მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა უკვე წარმატებით გამოიყენა ბიზნესმოდელის ტილო როგორც სტარტაპებში, ასევე სხვადასხვა კომპანიაში. ქვემოთ მოცემულია 5 ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომლებზე პასუხიც აუცილებლად კარგად უნდა გაიაზროთ.
- რატომ მაინცდამაინც ეს 9 მოდული?
2000 წელს ივ პინიე და ალექს ოსტერვალდერი ეძებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებს, რომლებიც ნებისმიერი ორგანიზაციისთვის არის საჭირო ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებისას. მათ გადახედეს მოკვლეულ, პროტოტიპირებულ მოდელებს, შეამოწმეს ისინი ბიზნესლიდერებთან და წამყვან მეწარმეებთან ერთად. საბოლოო შედეგად კი მიიღეს სწორედ ეს 9 მოდული, რომლებიც აღწერილია წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“. მას შემდეგ მილიონობით ადამიანმა წარმატებით გამოიყენა ეს მიდგომა, როგორც სტარტაპებში და კორპორაციებში, ასევე არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
- რა მოხდება თუ შევცვლით ან ამოვაკლებთ რომელიმე მოდულს?
ეს ნიშნავს, რომ ერთ ან რამდენიმე ისეთ ელემენტს დაკარგავთ, რომლებიც აუცილებელია ბიზნესმოდელის შექმნისას. მოდულის შეცვლა ან გამოკლება მაინც მოგცემთ საშუალებას, რომ ნაწილობრივი წარმოდგენა შეიქმნათ თქვენს ბიზნესმოდელზე, თუმცა შესაძლოა ვერ გაითვალისწინოთ სწორედ ის კრიტიკული ელემენტი, რომელიც თქვენი მოდელის წარმატებას განაპირობებდა. მაგალითად, თუ გამორიცხავთ ძირითად რესურსებს, აქტივობებს ან პარტნიორებს, თქვენ ვერ მიიღებთ იმ ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა თქვენი ბიზნესმოდელის მუშაობისთვის.
მოდით განვიხილოთ მაგალითები, რომლებშიც კონკრეტული ძირითადი რესურსები ან აქტივობები იყო ბიზნესმოდელის წარმატების განმაპირობებელი ფუნდამენტური ელემენტები.
- KIVA-ს რისკმენეჯმენტი
- Nespresso-ს პატენტები
- Google-ს ფართო აუდიტორია
როდესაც KIVA-მ შექმნა სოციალური ლენდინგ პლატფორმა, მას არ ჰქონდა რისკმენეჯმენტი გათვალისწინებული ძირითად აქტივობად, რამაც თითქმის განადგურებამდე მიიყვანა. Google-ის ბიზნესმოდელი მხოლოდ იმიტომ მუშაობს, რომ მას დიდი აუდიტორია ჰყავს (უფასო ძიების ფუნქციიდან), რაც ის ძირითადი რესურსია, რომელიც შეუძლია შესთავაზოს რეკლამით დაინტერესებულებს. ნესპრესო, ნესტლეს ყავის კომპანია, ვერ შეიძენდა კონკურენტულ უპირატესობას პატენტების გარეშე, რაც მისი ძირითადი რესურსია და უკვე ათწლეულებია იცავს მის კაფსულებს კოპირებისგან.
რა არის თქვენი ბიზნესმოდელის ფუნდამენტური ელემენტი? თუ 9 ბლოკიდან რომელიმეს შეცვლით ან ამოაკლებთ, თქვენ ხელიდან უშვებთ ერთ ან რამდენიმე კითხვას, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი ბიზნესმოდელის ფუნდამენტური ელემენტების აღმოჩენაში.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა მოდულების განლაგებას?
9 მოდული ერთმანეთთან დაკავშირებული და ინტეგრირებულია. არ არსებობს შემოსავლების წყარო მომხმარებლების გარეშე, რომლებიც ფულს იხდიან ფასეული შეთავაზების სანაცვლოდ. ვერ გვექნება ფასეული შეთავაზება ძირითადი რესურსების დახმარებით ძირითადი აქტივობების შესრულების გარეშე. 9 მოდულის კონფიგურაციის უკეთ გასაგებად შეგიძლიათ იხილოთ ბიზნესმოდელის ტილოს თეატრთან ანალოგია, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ დიდებული წარმოდგენის გარეშე შემოსავალი არ იქნება, სპექტაკლი ვერ დაიდგმება კულისებს მიღმა ინფრასტრუქტურის გარეშე, ვერცერთი თეატრი ვერ იარსებებს, თუ მათი შემოსავლები ხარჯებს არ გადააჭარბებს და ა.შ
- რატომ არ არის შესაბამისი მოდული კონკურენციისთვის, პრობლემებისთვის ან შედეგების გაზომვისთვის?
იმიტომ, რომ კარგი ხელსაწყო ყველაფერს არ აკეთებს. კარგი ხელსაწყო ძალიან კარგად ასრულებს ზოგ ფუნქციას და სხვა კარგ ხელსაწყოებთან კოლაბორაციით ბოლომდე მიჰყავს საქმე. წარმოიდგინეთ, რომ ტვინზე ოპერაცია უნდა გაიკეთოთ, თქვენი ექიმი კი შვეიცარული არმიის დანით გამოცხადდა. რამდენად პრაქტიკული იქნება დანა, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია? ქირურგი რამდენიმე ინსტრუმენტს იყენებს და მათ იდეალურად გამოყენებას სწავლობს ათწლეულების განმავლობაში ვარჯიშით.
ბიზნესმოდელის ტილოს დახმარებით თქვენ აღწერთ, როგორ გეგმავს თქვენი ორგანიზაცია შექმნას, მიაწოდოს და შეინარჩუნოს ფასეული შეთავაზება მომგებიანი გზით. უმჯობესია გამოიყენოთ ფასეული შეთავაზების ტილო იმის განსასაზღვრად, თუ კონკრეტულად როგორ აპირებს თქვენი კომპანია შექმნას ფასეულობა მომხმარებლებისთვის. ეს ორი ინსტრუმენტი იდეალურად ინტეგრირდება ერთმანეთთან ორი განსხვავებული მიზნით, რომელთა მიღწევაც გჭირდებათ წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად.
- რა განსხვავებაა ბიზნესგეგმასა და ბიზნესმოდელის ტილოს შორის?
ბიზნესგეგმა არის ვრცელი, კარგად ნაფიქრი დოკუმენტი, რომელშიც უნდა აღიწეროს, როგორ გეგმავთ თქვენი ბიზნესის იმპლემენტაციას – თქვენ აღწერთ მმართველ გუნდს, ხედვას, კონკურენციას, ბიზნესმოდელს, მარკეტინგულ გეგმას, ფინანსურ სტრუქტურას, დედლაინებს და სხვ.
არაფერია ცუდი ბიზნესგეგმის დაწერაში, თუმცა როდესაც საქმე ეხება სიახლეს, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რეალურად იმუშავებს თუ არა თქვენი ბიზნესმოდელი. ამიტომაც არის უმჯობესი გამოიკვლიოთ და გატესტოთ პოტენციური ბიზნესმოდელები ერთ გვერდიანი ტილოს საშუალებით, ნაცვლად იმისა, რომ დაწეროთ გრძელი დოკუმენტი. სანამ იპოვით სწორ ბიზნესმოდელს, რომელიც ტესტირების შედეგად მუშაობს, მოგიწევთ შექმნათ უამრავი ბიზნესმოდელის ტილო.
დაწერეთ ბიზნესგეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მოახდენთ თქვენი ბიზნესმოდელის იმპლემენტაციას მას შემდეგ, რაც გექნებათ დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენი ბიზნესმოდელი გაამართლებს.