fbpx

როგორ იღებენ წარმატებული კომპანიები მილიარდობით მოგებას მაშინ, როდესაც ძირითად საქმეს სხვები ასრულებენ

დაფიქრებულხართ ოდესმე, როგორ შეგიძლიათ შექმნათ ისეთი ბიზნესმოდელი, რომელშიც სხვა გააკეთებდა ძირითად საქმეს, თქვენ კი მოგებას მიიღებდით?

ასეთი ბიზნესმოდელები ნამდვილად არსებობს და მსოფლიო მასშტაბით ძალიან წარმატებულადაც ოპერირებს. ბიზნესისთვის ფასეულობას ამ ბიზნესმოდელების მომხმარებლები ან/და მესამე მხარეები ქმნიან ფაქტობრივად უფასოდ, შედეგად კი ბიზნესმოდელი უფრო წარმატებული და მომგებიანი ხდება.

განვიხილოთ რამდენიმე ცნობილი კომპანია, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ბიზნესმოდელები აქვთ, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აერთიანებთ – ძირითად საქმეს მათი სტეიქჰოლდერები აკეთებენ უფასოდ, კომპანია კი დიდ მოგებას იღებს.

1. Facebook, IKEA – მომხმარებლები, როგორც “უფასო თანამშრომლები”

 

Facebook-ის ბიზნესმოდელის საფუძველია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს მესიჯები, ფოტოები და სხვ. თუმცა მომხმარებლები Facebook-ში შემოდიან არა პლატფორმისთვის, არამედ მეგობრების ან სხვადასხვა გვერდის მიერ „დაპოსტილი“ სიახლეების სანახავად. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ კონტენტის შესაქმნელად Facebook-ს საერთოდ არ აქვს დანახარჯი, ყველაფერი იწერება 1.4 მილიარდი მომხმარებლის მიერ. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა Facebook-ის ხარჯების სტრუქტურა კომპანიას კონტენტის შესაქმნელად დამატებით თანამშრომლების აყვანა რომ სჭირდებოდეს.

პოპულარული ავეჯის კომპანია IKEA-ს ბიზნესმოდელი ასევე ეფუძნება საკუთარ მომხმარებლებს, როგორც უფასო სამუშაო ძალას, მაგრამ განსხვავებული სახით. IKEA-ს ასობით ათასი მომხმარებელი, მაღაზიიდან შინ პროდუქციის წაღების შემდეგ, თავად აწყობს წიგნების კარადებს, მაგიდებს და სხვა ავეჯს. ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო მანამ, სანამ IKEA-მ თვითმომსახურება ავეჯის სფეროში პოპულარულ ასპექტად არ აქცია. ადრე, როგორც წესი, მომხმარებლები ავეჯის მწარმოებლებისგან მოელოდნენ ხოლმე პროდუქტის აწყობის მომსახურებასაც. დღეს უკვე ისინი მზად არიან საქმე თავად გააკეთონ, სანაცვლოდ კი IKEA-სგან მიიღონ პროდუქციის უფრო დიდი არჩევანი, მყისიერი ადგილზე მიტანის სერვისი და დაბალი ფასი.

2. საკრედიტო ბარათების კომპანიები (მაგ. MasterCard) – სერვისის მომწოდებლები და მომხმარებლები, როგორც “უფასო თანამშრომლები”

 

MasterCard-ი და მისი მსგავსი საკრედიტო ბარათების კომპანიები მართავენ ტრანზაქციების ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას, მაგრამ ეს ღირებული არ იქნებოდა, რომ არა მათი სტეიქჰოლდერების – სავაჭრო დაწესებულებებისა და მყიდველების მიერ შესრულებული სამუშაო. პირველი ქმნის პროდუქტს/სერვისს, რომელსაც მეორე ყიდულობს, „მასტერქარდი“ კი მათ შორის თანხის ტრანზაქციის ფუნქციას ასრულებს.

3. პლატფორმები, რომლებსაც ინფრასტრუქტურას სხვები აწვდიან უფასოდ – WhatsApp, Uber

 

WhatsApp-ი რამდენიმე მილიარდ დოლარად Facebook-მა შეისყიდა. ამ დროს რამდენიმე პირმა აღნიშნა აპლიკაციის ბიზნესმოდელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ტრადიციული ტექსტური შეტყობინებების (SMS) მომწოდებლებისგან განსხვავებით, WhatsApp-ს არ სჭირდება ქსელური კავშირგაბმულობის ინფრასტრუქტურა, რომელიც მესიჯების გაგზავნის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს. როდესაც WhatsApp-ი გაიყიდა, ის 60 თანამშრომლისგან შემდგარი პატარა კომპანია იყო, რომელიც 400 მილიონზე მეტ მომხმარებელს აწვდიდა სერვისს (ახლა ეს რიცხვი დაახლოებით 700 მილიონია). WhatsApp-ს ამ მასშტაბზე ოპერირების შესაძლებლობას აძლევს ის ფაქტი, რომ იყენებს ინტერნეტს, როგორც თავისი სერვისის უფასო მთავარ საყრდენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტერნეტპროვაიდერები ასრულებენ ძვირადღირებულ სამუშაოს WhatsApp-ისთვის უფასოდ.

Uber-ი კიდევ ერთი კარგი მაგალითია ისეთი ბიზნესმოდელისა, რომელიც ძვირადღირებულ ინფრასტრუქტურას თავს არიდებს. WhatsApp-ის მსგავსად, Uber-საც არ აქვს ქსელური კავშირგაბმულობა. ამასთან, უბერი განკარგავს მანქანების პარკს მათი ფლობისა და ოპერირების ხარჯის გარეშე. კომპანიის ბიზნესმოდელში ფაქტობრივად მანქანების მძღოლები/მფლობელები და მომხმარებლები ასრულებენ უმეტეს საქმეს. Uber-ი კი კონცენტრირდება საკუთარი პროგრამული პლატფორმის მართვაზე და ხარჯავს დიდ თანხას მის მარკეტინგზე.

4. პლატფორმები, რომლებიც მესამე მხარეების სერვისებს ხდის ხელმისაწვდომს – Apple appstore

 

Apple-ის iOS პლატფორმის კოპირებას ართულებს არა პლატფორმის ტექნოლოგია, რომელიც ასობით მილიონ მომხმარებელს ძალიან უყვარს, არამედ აპლიკაციების შემქმნელი დეველოპერების არმია, რომლებიც მუშაობენ Apple-ისთვის „პრო ბონოდ“. ამასთან, Apple-ს თითოეული გაყიდული აპლიკაციიდან ტრანზაქციის გადასახადის სახით 30% რჩება. გამოდის, რომ კომპანია „უფასო თანამშრომლების“ საშუალებით მოგებას იღებს.

დაფიქრიდით, როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენც თქვენი კომპანიის ბიზნესმოდელი, რათა გახადოთ იგი უფრო ინოვაციური და მომგებიანი.

გამოიყენეთ არსებული მოდელის შესასწავლად, შესაფასებლად და პროტოტიპების შესაქმნელად ბიზნესმოდელის ტილოს მეთოდოლოგია. შთაგონებისთვის კი შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს.