რატომ უნდა გამოვიყენოთ ბიზნესმოდელის ტილო

რატომ გამოვიყენოთ ბიზნესმოდელის ტილო

რატომ გჭირდებათ ბიზნესმოდელის ტილო?

წლებმა და უამრავმა წარუმატებელმა ბიზნესმა გვიჩვენა, რომ არ არის საკმარისი გქონდეს მხოლოდ კარგი პროდუქტი ან სერვისი. აუცილებელია სწორი ბიზნესმოდელი, რომელიც მუდმივი ზრდის საშუალებას მოგცემს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ჩვენ ბიზნესმოდელებზე ფოკუსირებულ სამყაროში ვცხოვრობთ, რადგანაც პროდუქტების კოპირება უკვე ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი.

სწორი და ეფექტური ბიზნესმოდელის შერჩევა კომპანიის სასიცოცხლო ციკლში გადამწყვეტი ეტაპია. ეს შეიძლება მოხდეს ბიზნესის შექმნის საწყის ეტაპზე, უკვე არსებული ბიზნესის გაუმჯობესებისას, განახლებისას, სრულიად ახალი კომპანიის შექმნისას.

ბიზნესმოდელის ჩამოსაყალიბებლად ბევრი გზა არსებობს, თუმცა ბიზნესმოდელის ტილო ჰოლისტიკური მოდელია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთიანად გავიაზროთ ბიზნესის/ორგანიზაციის შემადგენელი ელემენტები. მისი ავტორია ალექს ოსტერვალდერი, შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერი, რომელმაც ივ პინიესთან ერთად სწორედ ამ თემას მიუძღვნა მსოფლიო ბესთსელერი წიგნი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“.

მეთოდი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ის უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და 250-ზე მეტ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლება. Strategyzer-ის კვლევის მიხედვით ბიზნესმოდელის ტილოს გამოყენების მიზნები ასე ნაწილდება:

რა არის ბიზნესმოდელის ტილო?

 

ცოტა რომ განვმარტოთ, ბიზნესმოდელის ტილო არის უნივერსალური ენა, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ, აღწეროთ, ვიზუალურად გამოსახოთ, განიხილოთ, შეაფასოთ და გარდაქმნათ ბიზნესმოდელები.

ტილო შედგება 9 მოდულისგან, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს, რა პრინციპით გეგმავს კომპანია ფუნქციონირებას და მოგების მიღებას:

  • მომხმარებელთა სეგმენტები
  • ფასეული შეთავაზება
  • არხები
  • მომხმარებლებთან ურთიერთობა
  • შემოსავლის წყაროები
  • ძირითადი რესურსები
  • ძირითადი საქმიანობა
  • ძირითადი პარტნიორები
  • ხარჯების სტრუქტურა

თუ თქვენი პროდუქტი ან სერვისი უკვე წლებია არსებობს, ტილოს საშუალებით შეძლებთ არსებული მდგომარეობის ვიზუალიზაციასა და ანალიზს, თქვენი ბიზნესის ამბის მარტივად გადმოცემასა და ახსნას, ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციისთვის გზის დანახვას.

ინოვაციის სფეროში ერთ-ერთი ცნობილი აზრის ლიდერის მაიკლ შრაგეს თქმით „კარგ იდეაზე უკეთესია ისეთი იდეა, რომლის გატესტვაც შეიძლება“. ვრცელი ბიზნეს გეგმის დაწერის ნაცვლად ჯობია შენი იდეები სწრაფად გამოსცადო და საუკეთესო ვარიანტი ეძებო მანამ, სანამ საკმარისი საბუთი არ გექნება, რომ იპოვე სწორედ ის ღირებული შეთავაზება, რომელიც მომხმარებლებს სურთ და ის ბიზნესმოდელი, რომელიც მომგებიანი იქნება.

ამ პროცესში გვეხმარება ბიზნესმოდელის ტილო. მისი საშუალებით მარტივად და სწრაფად ვქმნით ინოვაციური იდეებისა და თეორიის ფუნქციურ ბიზნესმოდელებს, პროტოტიპებს, რომლებსაც გამოვცდით რამდენად განხორციელებადი, სიცოცხლისუნარიანი და მომხმარებლისთვის სასურველია, შევაფასებთ, შედეგების მიხედვით დავაკორექტირებთ და საბოლოო სახეს მივცემთ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, რატომ უნდა გამოიყენოთ ბიზნესმოდელის ტილო

  1. ქმნის ყველასათვის გასაგებ საერთო ენას
  2. ამარტივებს სტრატეგიაზე მსჯელობას, ფიქრს, ანალიზს
  3. ამარტივებს შესაძლებლობების დანახვასა და იდეების გენერირების
  4. აუმჯობესებს გუნდურ მუშაობას, სხვადასხვა დარგისა და დისტანციურად მომუშავე პირებთან კოლაბორაციას

ეს არის კონცეფცია, რომელიც ინოვაციას, სტრატეგიასა და მეწარმეობას ყველასათვის მარტივს, პრაქტიკულს და ხელსაყრელს ხდის. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ მოდელს, აუცილებლად დეტალურად გაეცანით.