რას მიჰყავს კომპანიები წარუმატებლობამდე და როგორ ავიცილოთ ეს თავიდან

მონაცემთა მარკეტინგის კომპანია FRACTL-ის კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 200 კომპანიას, გამოიკვეთა N1 მიზეზი, რატომაც იყვნენ ეს ბიზნესები წარუმატებლები – ეს არის არასწორი ბიზნესმოდელი.

კვლევა გვიჩვენებს, რომ ჩვენ კარგი იდეები გვაქვს, მაგრამ ცუდი ბიზნესები.

არასწორია ზედმეტი ფოკუსირება პროდუქტზე

 

კვლევა აჩვენებს, რომ კომპანიები, მათ შორის როგორც სტარტაპები, ასევე დიდი ხნის დაფუძნებული კომპანიები, ძალიან ფოკუსირებულები არიან პროდუქტსა და ფასეულ შეთავაზებაზე. არადა საბაზრო მოთხოვნის დაკმაყოფილება უბრალოდ საშუალებას გვაძლევს, რომ კონკურენციას შევუერთდეთ, მომგებიანი, გაზომვადი და კონკურენტული ბიზნესმოდელის შექმნა კი წარმატებამდე მიგვიყვანს.

ბიზნესმოდელის შექმნა ნამდვილი გამოწვევაა იმ პირებისთვის, რომლებსაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებულის გაუმჯობესება სურთ, არ აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება დიდ კომპანიას თუ სტარტაპს.

საკმარისი არ არის შექმნათ კარგი პროდუქტი, რომელიც იყიდება და რომელიც მომხმარებლებს მოსწონთ. წამოწყება წარუმატებელი იქნება, თუ

  • მისი შექმნა მეტი ჯდება, ვიდრე შემოსავალი მოაქვს;
  • მომხმარებელთა მოზიდვა ძალიან ძნელია ან ძალიან ძვირი ჯდება;
  • customer lifetime value ძალიან დაბალია;
  • თქვენი საფასო მოდელი არასწორია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენი პროდუქტი ან სერვისი ძალიან კარგი რომც იყოს, ეს გადარჩენისთვის საკმარისი არ იქნება, თუ არ გექნებათ ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი ბიზნესმოდელი, რომელიც მუდმივი ზრდის საშუალებას მოგცემთ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ინვესტორები გყავთ, მომგებიანი ბიზნესმოდელის გარეშე თქვენ ვერ შეძლებთ მათთვის თანხის დაბრუნებას.

შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ჩვენ ბიზნესმოდელებზე ფოკუსირებულ სამყაროში ვცხოვრობთ, რადგანაც პროდუქტების კოპირება უკვე ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია დასვათ კითხვები: რა იქნებოდა სწორი ბიზნესმოდელი ამ იდეისთვის? ამ შესაძლებლობისთვის? ამ ტექნოლოგიისთვის? პატენტისთვის? პროდუქტისთვის/სერვისისთვის? კომპანიები, რომლებსაც კარგად ესმით ბიზნესმოდელები და ზუსტად იციან, როგორ შექმნან ისინი გარანტირებულად წარმატებულები იქნებიან.

ფული ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის

 

კვლევაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო საკითხი გამოიკვეთა, როდესაც შეადარეს ორი ტიპის სტარტაპი – ერთი, რომელსაც ინვესტორები ჰყავდა და მეორე, რომელსაც არ ჰყავდა.

ხშირად ინვესტიციის ქონა ინოვაციის  ან კომპანიის შექმნისას მთავარ გამოწვევად სახელდება, თუმცა FRACTL-ის ამ კვლევამ აჩვენა, რომ ფული არ არის რეალური პრობლემა. შედეგების მიხედვით, მეტი შანსია, რომ დაფინანსებულ კომპანიებს (იგულისსხმება ისინი, რომლებმაც $10 მილიონი ან მეტი მოიზიდეს) ამოეწუროთ ბიუჯეტი, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰყავთ ინვესტორები. საინტერესოა რატომ? იმიტომ, რომ ადამიანები უფრო მზად არიან გარისკონ ისეთი რამის შექმნა, რაც არავის სურს, თუ ფული აქვთ.

ფულის ქონა-არქონის ფაქტორი რომ გვერდზე გადავდოთ, ნათლად ჩანს, რომ პრობლემის რეალური მიზეზი ორივე შემთხვევაში კვლავ არასწორი ბიზნესმოდელია.

მარტივი გზა თავიდან აიცილოთ წარუმატებლობა

 

ზემოთ მოყვანილი კვლევა ნათლად გვიჩვენებს, რომ კომპანიები საკმარის ყურადღებას არ უთმობენ ბიზნესმოდელების შემოწმებასა და შექმნას.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ბიზნესმოდელის რიკების შესამცირებლად?

წიგნში „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ დეტალურად არის განხილული ბიზნესმოდელების პროტოტიპირება. სწორედ ამ პროცესში უნდა მოხდეს ბიზნესმოდელის სასურველობის, განხორციელებადობის, ადაპტირებადობისა და სიცოცხლისუნარიანობის გაზომვა.

  • განხორციელებადობა – შეარჩიე თუ არა სწორი და საჭირო ინფრასტრუქტურა შენი ბიზნესმოდელის განსახორციელებლად (რისკი: ცუდი შესრულება)
  • სასურველობა – ქმნი თუ არა მომხმარებლისთვის ფასეულ ღირებულებას (რისკი: მომხმარებლისთვის არარელევანტური ფუნქციის შეთავაზება)
  • სიცოცხლისუნარიანობა – გამოიმუშავებ თუ არა დახარჯულზე მეტ ფულს (რისკი: დიდი ხარჯები)
  • ადაპტირებადობა – შეარჩიე თუ არა სწორი ბიზნესმოდელი გარეშე ფაქტორების გათვალისწინებით, როგორებიცაა კონკურენცია, ტექნოლოგიური ცვლილება, რეგულაცია (რიკსი: გარეგანი საფრთხეები)

მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს შეამოწმებთ, გამოცდით და გაზომავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ახალი იდეის განხორციელებაზე მუშაობა.