fbpx

კორონა, TikTok და ბიზნესმოდელის ინოვაცია

ახლა როდესაც ყველანი ვცდილობთ ჩვენი ცხოვრება ახალი კორონავირუსის პირობებს მოვარგოთ, ჩვენი ქცევა და ჩვევები შევცვალოთ, საინტერესოა რა ეფექტი ექნება ამ ყველაფერს ბიზნესზე?

ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბიზნესი მაიკლ ვეიდმა (Cisco-ს თავმჯდომარემ და IMD ბიზნეს სკოლის პროფესორმა) სამ კატეგორიად დაყო:

  1. Winners: ბიზნეს სექტორები, რომლებმაც ამ ვითარებით მოგება ნახეს.
  2. Losers: სექტორები, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან ამ ვითარებით.
  3. Inbetweeners: „შუაში მყოფი“ სექტორები, რომლებსაც შეუძლიათ საპასუხო მოდიფიკაციებით მოერგონ სიტუაციას.

ამჟამად, მესამე კატეგორია ყველაზე საინტერესოა. რა გადაწყვეტილებებით, რა მოქმედებებით უპასუხებენ ეს ბიზნესები არსებულ ვითარებას? სწორედ ამაზეა დამოკიდებული ისინი სამომავლოდ რომელ კატეგორიაში გადაინაცვლებენ – პირველში თუ მეორეში.

ასეთი კომპანიებისთვის McKinsey & Company-მ გამოყო 5 ჰორიზონტი, რომლებზეც კომპანიებმა უნდა იფიქრონ და იმოქმედონ:

  1. გადაწყვეტა – კომპანიამ უნდა უპასუხოს COVID-19-ის გამო წარმოქმნილ სასწრაფო გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ძალას, მომხმარებელს, ტექნოლოგიებსა და ბიზნესპარტნიორებს.
  2. გამძლეობა – უნდა უპასუხოს უახლოესი პერიოდის განმავლობაში ნაღდი ფულის მენეჯმენტის გამოწვევებს და გამოიჩინოს გამძლეობა ვირუსის გამო დახურვებისა და ირიბი ეკონომიკური ეფექტების წინაშე.
  3. დაბრუნება – COVID-19 სიტუაციის განვითარებასთან ერთად, როდესაც ირიბი შედეგები უფრო ნათელი გახდება, შეიმუშაოს ბიზნესის მასშტაბებზე დაბრუნების დეტალური გეგმა.
  4. გარდასახვა – წარმოიდგინოს ახალი „ნორმა“ ანუ როგორი იქნება ეს პერიოდული ცვლილება და როგორ უნდა გარდაისახონ ორგანიზაციები.
  5. რეფორმა – ნათლად განსაზღვროს, როგორ შეიძლება ინდუსტრიაში შეიცვალოს კონკურენტული გარემო და რეგულაციები.

ახლა განვიხილოთ იმ კომპანიის მაგალითი, რომელმაც ეს 5 ჰორიზონტიც განჭვრიტა, საკუთარი ბიზნესმოდელიც თავდაყირა დააყენა და  მესამე (შუაში მყოფთა) კატეგორიიდან პირველ – გამარჯვებულთა კატეგორიაში გადაინაცვლა.

Huanxi Media Group

 

წარმოიდგინეთ, რომ ათობით მილიონი დახარჯეთ ფილმის შესაქმნელად, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ვირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ის კინოთეატრებში ვეღარ გავა. სწორედ ასეთ სიტუაციაში იყო ჩინეთის ერთ-ერთი კინოსტუდია Huanxi Media Group იანვარში. ჩინური ახალი წლის პერიოდში კინოთეატრები, როგორც წესი, დამსვენებელი ოჯახებითაა გადავსებული. მაგრამ წელს ვუჰანში კორონავირუსის გავრცელების გამო, 70 000-მდე კინოთეატრს მოუწია კარი დაეხურა მომხმარებლისათვის.

Huanxi დადგა მილიონობით დოლარით ზარალის წინაშე. კინოსტუდიას უკვე თუნდაც მინიმალური მოგების მიღების იმედიც არ ჰქონდა მაშინ, როცა მილიარდობით იუანს (RMB) ელოდნენ ბოქს ოფისიდან. რა იყო ამ სიტუაციიდან გამოსავალი?

მათ გადაწყვიტეს ფუნდამეტურად შეეცვალათ საკუთარი სადისტრიბუციო მიდგომა ბიზნესმოდელში. პარტნიორებისა და არხების ბლოკი ერთი შეხედვით სრულიად წარმოუდგენელ კომპანიას, ByteDance-ს, დაუკავშირეს. ByteDance  არის ჩინური კომპანია, რომელიც დღესდღეობით ძალიან პოპულარული აპლიკაციის TikTok-ის უკან დგას. ასევე მას ეკუთვნის აპლიკაციები DouyinJinri ToutiaoXigua Video და Huoshan Video.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ByteDance ასობით მილიონ აქტიურ მომხმარებელს ითვლიდა ყოველდღიურად, ის მაინც არ იყოს პარტნიორობისთვის ერთი შეხედვით შესაფერისი არჩევანი. კომპანიის ყველა სტრიმინგ საიტი მოკლე ფორმის, მომხმარებლის მიერ შექმნილ ვიდეოებზე იყო ფოკუსირებული. მაგალითად, TikTok-ი 15 წამიანი ვიდეოების გადაღების საშუალებას იძლევა, ფილმი კი ორ საათს მოიცავს. შეიძლება ჩინური Alibaba და Tencent უფრო ლოგიკური პარტნიორები ყოფილიყვნენ, რამდენადაც მათ უკვე აქვთ სტრიმინგის სერვისი, მაგრამ ორივე უკვე ფლობს Huanxi-ის კონკურენტ კინოსტუდიებს.

ყველაფრის მიუხედავად, ByteDance-ი მზად იყო დისკუსიისათვის და კომპანიებმაც მოლაპარაკებები დაიწყეს. შეთანხმება Huanxi-სთვის 91 მილიონი დოლარითა და რეკლამიდან შემოსული შემოსავლის წილით დამთავრდა.

ზუსტად ორ დღეში, ფილმი ByteDance-ის პლათფორმებზე ჩაეშვა და ყველას გასაოცრად,  600 მილიონამდე ნახვაც დააგროვა. ფილმმა არამხოლოდ დიდი რაოდენობით გამოწერები დააგროვა, არამედ  პოზიტიური სენტიმენტებიც დაიმსახურა მოსახლეობისგან, რომელიც ისედაც განიცდიდა იმას, რომ სახლიდან გასვლაც არ შეეძლო დღესასწაულებზე.

მიღწეული წარმატების შემდეგ ByteDance-მა Huanxi-ს სხვა ფილმებიც ჩაუშვა პლატფორმაზე, რამაც მომხმარებელთა მასიური ზრდა გამოიწვია. ასე, რომ ეს ზღაპრული შეთანხმება ორივე კომპანიისთვის და განსაკუთრებით, სახლში ჩაკეტილი, მომხმარებლისთვის ბედნიერად დასრულდა.

თქვენი ახალი ბიზნესმოდელი

ამ სიტუაციაში ბიზნესებმა მიმართეს გაციფრულების ბიზნესმოდელს და მაქსიმალურად გადაიტანეს სამუშაო პროცესები ონლაინ რეჟიმში. Huanxi-მ პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდებაც ვირტუალური გახადა და ეს საკმაოდ მომგებიანადაც მოახერხა.

იმ ვითარებაში, როცა მსოფლიო ისეთი აღარაა, როგორიც ერთი ან ორი თვის წინ იყო (და შეიძლება კიდევ უფრო სხვანაირი იყოს მომავალში), თუ თქვენი ბიზნესმოდელი ჯერ კიდევ უცვლელია, თქვენ ან დროს ვერ მისდევთ ან ბიზნესი უკვე აღარ გაქვთ.

ასე რომ არ მოხდეს, აუცილებლად გაეცანით ბიზნესმოდელის ტრანსფორმაციის მეთოდებსა და ბიზნესმოდელების ნიმუშებს, რომლებსაც წარმატებული კომპანიები იყენებენ მსოფლიოს მასშტაბით.

შეგიძლიათ დაიწყოთ შესაბამისი ლიტერატურის წაკითხვით – “როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი” და “ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“. გაეცანით წიგნებში არსებულ ქეისებს და დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი ბიზნესისთვის ხელსაყრელი ცვლილება ბიზნესმოდელში.

 

ავტორი: ანუკი ცხოვრებაძე, “ბიზნესმოდელების ნავიგატორის” კონსულტანტი