fbpx

10 ფაქტი ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნისა და იმპლემენტაციის შესახებ

თანამედროვე მსოფლიოში ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნა ინოვაციური სამყაროს არსებით ნაწილად იქცა. გასულ საუკუნეში ინოვაცია მხოლოდ პროდუქტებსა და პროცესებზე იყო ფოკუსირებული, დღეს კი ორგანიზაციები უფრო ფართოდ ფიქრობენ.

ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლო წლებში გახდა, რადგანაც ინტერნეტმა და ციფრულმა სამყარომ შექმნა ბევრი ახალი და ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის პოტენციალი. ბიზნესმოდელის ტილოს დახმარებით ინოვაციური ბიზნესმოდელირება უფრო ხელშესახები, მარტივად გასაგები და განხორციელებადია.

განვიხილოთ 10 ფაქტი ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნისა და იმპლემენტაციის შესახებ, რაც დაგეხმარებათ თემის საფუძვლიანად გააზრებაში.

 

1. ყველა კომპანიას აქვს ბიზნესმოდელი

ყველა კომპანიას, მიუხედავად იმისა, იციან მათ ეს თუ არა, აქვს ბიზნესმოდელი. ბიზნესმოდელი თავისთავად ჩნდება მაშინ, როდესაც იქმნება კომპანია, ყალიბდება მისი ფუნქციონირების ლოგიკა და ხდება ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი.

 

2. ბიზნესმოდელი არის ერთგვარი ლოგიკა იმისა, თუ როგორ ოპერირებს ორგანიზაცია.

ბიზნესმოდელი გამოხატავს ორგანიზაციის საქმიანობის ლოგიკას. ის გვიჩვენებს, რა პრინციპით ქმნის, აწვდის და მოიპოვებს ღირებულებას ორგანიზაცია. მისი აღწერა შესაძლებელია მარტივად შემდეგ 4 კითხვაზე პასუხის გაცემით:

  • ვინ არის ჩვენი სამიზნე აუდიტორია?
  • რა ფასეულობას ქმნის კომპანია მომხმარებლებისთვის?
  • როგორ იქმნება ფასეულობა და როგორ ვაწვდით მათ მომხმარებლებს?
  • როგორ გამოიმუშავებს კომპანია ფულს?

 

3. კომპანიას შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ბიზნესმოდელი ჰქონდეს.

არ არის აუცილებელი კომპანია კონცენტრირდეს მხოლოდ ერთ მოდელზე, მას შეუძლია ერთდროულად მართოს რამდენიმე ბიზნესმოდელი.

მაგალითად, სამშენებლო მოწყობილობების მწარმოებელი არა მხოლოდ ყიდის თავის დანადგარებს, არამედ აქირავებს კიდეც. თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ მომხმარებლისთვის ახალი ფასეულობის მიწოდება, შემოსავლის ახალი წყარო, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებზე გასვლა და გაქირავების პროცესის სტრუქტურირება განსხვავებული ბიზნესმოდელის ფორმირებას გულისხმობს და შესაბამისი მართვა-დაგეგმარება სჭირდება.

 

4. ბიზნესმოდელები ინოვაციის დიდ პოტენციალს გვთავაზობს

ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნით კომპანიას შეუძლია უკეთესი ფასეულობა შესთავაზოს მომხმარებელს, მოიზიდოს ახალი სეგმენტები ან/და იპოვოს დამატებითი შემოსავლის წყაროები. მნიშვნელოვანია იცოდეთ სად უნდა ეძებოთ ინოვაცია. ბიზნესმოდელს ინოვაციის რამდენიმე ეპიცენტრი აქვს, ესენია:

  • რესურსები
  • ფასეული შეთავაზება
  • მომხმარებელი
  • ფინანსები

თითოეული მათგანი შეიძლება გახდეს ინოვაციური ცვლილების ათვლის წერტილი, რაც, რა თქმა უნდა, ბიზნესმოდელის დანარჩენ ნაწილებზეც ლოგიკურ გავლენას იქონიებს.

მაგალითად, ამაზონის კორპორატიული ინტერნეტსერვისები რესურსების ბლოკში ცვლილებიდან წარმოიშვა. ბრენდმა საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა გამოიყენა სხვა კომპანიებისთვის სერვერის სიმძლავრისა და მონაცემთა ბაზების ონლაინსაწყობის შესათავაზებლად.

 

5. ბიზნესმოდელში მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია სერიოზული შედეგისა და სარგებლის მოტანა.

მაგალითად, აპლიკაციის მონეტიზაცია შესაძლებელია აპლიკაციის გაყიდვით, დამატებითი სერვისების ან რეკლამირების შეთავაზებით. თუ ბიზნესმოდელი დაფუძნებულია აპლიკაციის გაყიდვებით შემოსავლების მიღებაზე, ეს დიდი გამოწვევაა, რადგანაც ხალხი უპირატესობას უფასო აპლიკაციებს ანიჭებს და მათზე ფულს არ ხარჯავს, თუ სარგებელს ნათლად არ დაინახავს.

ამ ბარიერის გადასალახად შესაძლებელია მომხმარებლისთვის აპლიკაციის უფასოდ შეთავაზება მხოლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებზე წვდომით. ყველა მახასიათებლით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში კი დაწესებული იქნება გადასახადი. ამგვარად, მცირე ცვლილება შემოსავლების ნაწილში უკვე მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის მომხმარებლისთვის და კომპანიის წარმატებაზეც ახდენს სერიოზულ გავლენას.

 

6. ინოვაციური ბიზნესმოდელი ძლიერი ბერკეტია კონკურენტებისგან განსხვავებულობისთვის

Ikea, Dell, Cirque de Soleil, Ryanair, Apple, Hilti, Uber, Nespresso – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებმაც ახალი ბიზნესმოდელით სრულიად ახალი ბაზარი შექმნეს ან მთელი ინდუსტრიის ტრანფორმაცია გამოიწვიეს.

ბიზნესმოდელს ინოვაციის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ერთი მხრივ მისი საშუალებით კონკურენტებისგან ძლიერ განსხვავებული ხდებით და შესაძლებლობა გეძლევათ „ლურჯი ოკეანე“ შექმნათ, რომელიც კონკურენციისგან თავისუფალი გარემოა. მეორე მხრივ, ბიზნესმოდელის ინოვაციია პროდუქტის, პარტნიორების, პროცესების, მარკეტინგისა და გაყიდვების ინოვაციების კომბინაციაა, რისი იმიტირებაც ძალიან რთულია, შესაბამისად, შეგიძლიათ გახდეთ ინდუსტრიაში რევოლუციური ცვლილების გამომწვევი ლიდერი კომპანია.

 

7. ახალი ბიზნესმოდელების განვითარება შესაძლებელია სისტემატურად

ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნა შემთხვევით არ ხდება. იმ ხელსაწყოების დახმარებით, როგორებიცაა ბიზნესმოდელის ტილო ან ბიზნესმოდელის ნიმუშები, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ ახალი ბიზნესმოდელები მიზნობრივი მოქმედებით.

პირველ რიგში უნდა გააანალიზოთ არსებული ბიზნესმოდელი ვიზუალიზაციის ხელსაწყოს (მაგ. ბიზნესმოდელის ტილო) საშუალებით. თუნდაც მხოლოდ მისი პრეზენტაცია და ანალიზი, ყველაფრის ნათლად გააზრების საშუალებას იძლევა და განვითარებისთვის საწყის წერტილებს გვაჩვენებს. იგი ამავდროულად კრეატიულობის სტიმულირებას ახდენს, რაც გვეხმარება მოვიფიქროთ ბიზნესმოდელის 4 განზომილების ან ბიზნესმოდელის ტილოს 9 ბლოკის სხვადასხვა პროტოტიპი, რომლებიც ბიზნესმოდელის ინოვაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამგვარი მიდგომითა და ხელსაწყოებით, ინოვაციური ბიზნესმოდელების შექმნა შესაძლებელია მოხდეს სისტემატურად და მიზნობრივად.

 

8. არ არის აუცილებელი კომპანიის ახალი ბინზესმოდელი ახლადგამოგონილი იყოს

არ გჭირდებათ რაიმეს ახლიდან გამოგონება. სენტ გალენის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით ინოვაციური ბიზნესმოდელების 90% უკვე არსებული, ძველი ბიზნესმოდელების ახლებური კომბინაციაა. შედეგად შეიქმნა ბიზნესმოდელის 55 ნიმუში, რომლებიც ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა კომპანიის ბიზნესმოდელის საფუძველია. აუცილებლად შეისწავლეთ ნიმუშები და შეაფასეთ თითოეული მათგანის რომელი ელემენტები იქნებოდა გამოსადეგი თქვენი კომპანიისთვის, შედეგად მიღებული კომბინაციითა და თქვენი კრეატიულობით კი ინოვაციურ ბიზნესმოდელს შექმნით სწრაფად და მარტივად.

 

9. ინოვაციური ბიზნესმოდელი აუცილებლად ახალი პროდუქტის ან ტექნოლოგიის შექმნასთან დაკავშირებული არ არის

ბიზნესმოდელის ინოვაცია შეიძლება ეხებოდეს დისტრიბუციის არხებს, წარმოებას, ფასეულობის შექმნას, საფასო სტრატეგიას, სერვისებს… იგი აუცილებლად ახალი პროდუქტის ან ტექნოლოგიის შექმნას არ უკავშირდება, რაც ყველაზე გავრცელებული არასწორი შეხედულებაა. ამგვარად, გაითვალისწინეთ, რომ ახალი პროდუქტის შექმნის გარეშეც შეგიძლიათ იპოვოთ ინოვაცია.

 

10. ახალი ბიზნესმოდელის შექმნა-განვითარება თეორიულად სწრაფი და მარტივია, მისი იმპლემენტაცია კი – რთული

როგორც უკვე ვთქვით, ახალი ბიზნესმოდელებისთვის იდეების განვითარება შესაძლებელია სწრაფად და სტრუქტურირებულად, თუმცა ნამდვილი გამოწვევაა ახალი ბიზნესმოდელის იმპლემენტაცია. ერთი მხრივ ბიზნესმოდელის ტილოს საშუალებით შექმნილი პროტოტიპები უნდა გაიტესტოს ეტაპობრივად და გავიდეს ბაზარზე. მეორე მხრივ, ახალი ბიზნესმოდელის დანერგვისას მთელი რიგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით უკვე დაარსებულ კომპანიაში, რადგანაც ბიზნესმოდელს ძლიერი გავლენა აქვს კომპანიის დეენემზე და ცვლილების მართვას დიდი ყურადღება სჭირდება. მნიშვნელოვანია გაურკვევლობების სწორად მართვა, რაც გულისხმობს რისკთან/სარგებელთან დაკავშირებული მოლოდინებისა და რეალური შედეგების გაკონტროლებას, ასევე იმ მექანიზმების შექმნას, რომლებიც ბაზართან უკუკავშირის შესაბამისად, ბიზნესმოდელის ადაპტაციის საშუალებას მოგცემთ.