წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტში
9 მაისს საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში ალექს ოსტერვალდერის წიგნის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“ პრეზენტაცია ჩაატარა. ეს არის რევოლუციური წიგნი ბიზნესის სფეროში, რომელიც სულ მალე ჯეპრას ინიციატივითა და გამომცემლობა პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულად გამოიცემა.
„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ მსოფლიო ბესთსელერი წიგნია, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული.
წიგნის თანაავტორი, ალექს ოსტერვალდერი შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერია. 2010 წელს მან დააარსა კომპანია “Strategyzer”, რომელიც ორგანიზაციებს განვითარების, უკეთესი ფასეული შეთავაზების შექმნისა და ძლიერი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. ოსტერვალდერის მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო იქცა უნივერსალურ ენად ბიზნესის სფეროში და იგი უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.
პრეზენტაციის ფარგლებში სოსო გალუმაშვილმა ისაუბრა წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი.
სოსო გალუმაშვილმა დამსწრეებს ასევე გააცნო კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივა, რაც გულისხმობს ბიზნეს განათლების ხელშეწყობას თანამედროვე ბიზნეს ლიტერატურის ქართულად გამოცემის გზით. „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ იქნება პირველი წიგნი, რომლის ქართულად წაკითხვის შესაძლებლობაც ექნება საზოგადოებას, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია კიდევ არაერთი წიგნის გამოცემა კომპანია პალიტრა L-თან თანამშრომლობით.
ივენთის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ გათამაშებაში და მოეგოთ “ლურჯი ოკეანის” მიერ გამოცემული წიგნები.
ღონისძიების ლინკი: