წიგნი „ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“ ქართულ ენაზე გამოიცა
საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ ინიციატივითა და პალიტრა L-თან თანამშრომლობით, პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ქართულად გამოიცა „ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი“. წიგნი 5 თებერვლიდან გაიყიდება ბიბლუსის ქსელსა და ვებგვერდზე.
„ბიზნესმოდელების ნავიგატორის“ ავტორებმა გააანალიზეს ბოლო 50 წლის განმავლობაში შექმნილი ყველაზე რევოლუციური ინოვაციები, შეისწავლეს 40 000 კომპანია, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ბიზნესმოდელების გაუმჯობესება, 90% შემთხვევაში, უკვე არსებული იდეების ხელახალი კომბინაციისა და სხვა ინდუსტრიებიდან კონცეფციების ადაპტაციის შედეგი ყოფილა. გამოიკვეთა ბიზნესმოდელების 55 ნიმუში, რომლებიც თითქმის ყველა კომპანიის საფუძველს ქმნის.
წიგნში „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“ მკითხველი შეძლებს არა მარტო გაეცნოს სწორედ ამ 55 ნიმუშის წარმოშობის ისტორიას, არამედ კონკრეტული ბიზნესკეისებისა და მაგალითების საფუძველზე ისწავლოს მათი ინოვაციური გარდაქმნის მეთოდები და საკუთარ ბიზნესზე მორგება.
“ეს წიგნი არის მათთვის, ვისაც აქვს კომპანია და მისი განვითარების გზებს ეძებს; ვისაც ჯერ არ აქვს ბიზნესი, მაგრამ აპირებს დაწყებას; ვინც ჯერ მხოლოდ ოცნებობს მომავალ საქმეზე და პირველი ნაბიჯისთვის სწორი მიმართულების დანახვა სჭირდება.”
„ბიზნესმოდელების ნავიგატორი“ უკვე მეორე წიგნია, რომელიც „ჯეპრასა“ და „ლურჯი ოკეანის“ თანამშრომლობით ქართულად გამოიცა. პირველი წიგნი – ალექს ოსტერვალდერის „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“, ბიზნესლიტერატურის მკითხველთათვის 2019 წლის 27 მაისიდან გახდა ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ „ჯეპრას“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით არის განათლების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც კომპანია არაერთ პროექტს ახორციელებს. კომპანიის ინიციატივაა ბიზნესგანათლების ხელშეწყობა თანამედროვე ბიზნესლიტერატურის ქართულად გამოცემის გზით. „ლურჯი ოკეანის“ გარდა „ჯეპრა“ ასევე თანამშრომლობს „ჰარვარდ ბიზნეს რევიუს“ ქართულ გამომცემლობასთან, რომელთან პარტნიორობითაც უკვე ქართულ ენაზე გამოიცა „ჰარვარდ ბიზნეს რევიუს გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის შესაქმნელად“. „ჯეპრას“ მიზანია კომპანიის 20 წლის იუბილემდე 20 რჩეული წიგნის ქართულად გამოცემა.