“ალტერბრიჯში” ღონისძიება “ნულიდან ერთამდე” გაიმართა
15 ოქტომბერს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯში” გაიმართა ღონისძიება “ნულიდან ერთამდე”.
ღონისძიების სპიკერებმა სოსო გალუმაშვილმა, თამთა გველესიანმა და მაკო ჯაოშვილმა ისაუბრეს წიგნზე – „ნულიდან ერთამდე“. მათ დამსწრეებთან ერთად იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა გახდნენ სტარტაპები მასშტაბური კომპანიები, შექმნან სიახლე ნულიდან და მიაღწიონ წარმატებას.
“ნულიდან ერთამდე” საკონსულტაციო კომპანია”ჯეპრასა” და “ლურჯი ოკეანის” თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა. წიგნის ავტორები – პიტერ თილი და ბლეიკ მასტერსი გთავაზობენ სრულიად ახალ, გასაოცარ იდეებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შექმნათ ფასეულობები ჩვენს სამყაროში.
პიტერ თილი არის PayPal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის პირველი გარეინვესტორი და ისეთი კომპანიების შემქმნელი, როგორებიცაა SpaceX და Linkedin. მანვე ჩაუყარა საფუძველი Thiel Fellowship-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დატოვონ უნივერსიტეტი და სწავლა სამუშაო გარემოში გააგრძელონ.
წიგნში „ნულიდან ერთამდე“ პიტერ თილი საუბრობს სწორედ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სტარტაპების შექმნისას მიიღო და მოგვიანებით, ეს სტარტაპები მასშტაბური კომპანიები გახდნენ.
“მთავარი, რასაც ეს გამოცემა გვეუბნება არის ის, რომ შევქმნათ ახალი არაფრიდან, ნულიდან და არ დავიწყოთ უკვე არსებულის კოპირება, თუნდაც ის ძალიან წარმატებული იყოს. კონკრეტულ ბიზნესსა თუ სტარტაპს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მისია, რომელიც იქნება ამბიციური და გრძელვადიანი.” ასე ახასიათებს წიგნს “ნულიდან ერთამდე” ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და ღონისძიების სპიკერი სოსო გალუმაშვილი.