„ჯეპრას“ მხარდაჭერით ნიკო ნიკოლაძის შესახებ ორი წიგნი გამოიცა
“ჯეპრამ“ ნიკო ნიკოლაძის პრემიის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის საზოგადოებასთან თანამშრომლობით ორი წიგნი გამოსცა: “უცნობი ნაცნობი“ და ნიკო ნიკოლაძის წერილები „სომხურ–ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“.
„უცნობი ნაცნობის“ რედაქტორები არიან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამეცნიერო საზოგადოება ”ნიკო ნიკოლაძის” პრეზიდენტი რამაზ ნამიჭეიშვილი და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი
წიგნი მოგვითხრობს ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური აზროვნების ფენომენოლოგიაზე, ეკონომიკის რეფორმების მისეულ ინტერპრეტაციებზე. ასევე ნიკო ნიკოლაძის შეხედულებებზე ინტელიგენციასა და მის როლზე ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლების საქმეში.
წიგნი განკუთვნილია მაგისტრების, დოქტორანტებისა და ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური აზროვნების შესწავლით დაინტერესებული მკითხველისთვის.
„სომხურ–ქართული ურთიერთობანი 1893-1898 წლებში“-ს რედაქტორი ჟურნალისტიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ლაურა კუტუბიძეა.
წიგნში შესულია 1893-1898 წლებში დაწერილი წერილები, რომლებიც იბეჭდებოდა კავკასიის რუსულ პრესაში.
1919 წლის 28 ოქტომბერს ალექსანდრე ჯაბადარისადმი მიწერილ წერილში ნ. ნიკოლაძე წერდა: „თქვენი სურვილისამებრ, გიგზავნით ჩემი ძველი ნაწერებიდან სტატიებს შესახებ ჩვენი ურთიერთობისა სომხებთან, ვინც გადაიკითხა, ყველა ამბობს, რომ ამ ხნისთვისაც გამოდგებიანო.“
როგორც წერილებიდან ჩანს, ნიკო ნიკოლაძეს სწამდა, რომ ყოველდღიური გასაჭირი და მოსაგვარებელი პრობლემები იგივე იყო, რაც იმჟამინდელი თაობისთვის, ოღონდ ყოველ თაობას ზოგს დიდი, ზოგს მცირე წვლილი შეჰქონდა თვითგამორკვევის საქმეში.. “რუსეთის დესპოტიმზმის ფონზე არსად არ შეიძლებოდა ისე თავისუფლად სუნთქვა, როგორც ჩვენთან კავკასიაში, ვიდრე ურთიერთთავდასხმის ტაქტიკა გაბატონდებოდაო“ – აღნიშნავდა წერილებში ნიკო.
წიგნების პრეზენტაცია ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 177-ე წლისთავთან დაკავშირებით სოფელ დიდ ჯიხაიშში ჩატარებულ ღონისძიებაზე გაიმართა.
ნიკო ნიკოლაძის პრემია “ჯეპრას“ კიდევ ერთი პროექტია განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. პრემიის მიზანი ერთი მხრივ ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა და ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის დამყარება, ხოლო მეორე მხრივ – ნიკო ნიკოლაძის შესახებ ცნობადობის ამაღლება და მისი ღვაწლის და საქმიანობის დაფასებაა.