fbpx

“ალტერბრიჯში” პროექტ “ლურჯი ოკეანის” გამოცემის “ნულიდან ერთამდე” წარდგენა გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში „ალტერბრიჯი“ ღონისძიება გაიმართება , სადაც ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის მრჩეველი თამთა გველესიანი ისაუბრებენ წიგნზე – „ნულიდან ერთამდე“.

პროქტ “ლურჯი ოკეანის” ფარგლებში, პიტერ თილისა და ბლეიკ მასტერსის ავტორობით გამოცემული წიგნი გთავაზობთ სრულიად ახალ, გასაოცარ იდეებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შექმნათ ფასეულობები ჩვენს სამყაროში.

პიტერ თილი არის PayPal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებელი, Facebook-ის პირველი გარეინვესტორი და ისეთი კომპანიების შემქმნელი, როგორებიცაა SpaceX და Linkedin. მანვე ჩაუყარა საფუძველი Thiel Fellowship-ს, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, დატოვონ უნივერსიტეტი და სწავლა სამუშაო გარემოში გააგრძელონ.

წიგნში „ნულიდან ერთამდე“ პიტერ თილი საუბრობს სწორედ იმ გამოცდილებაზე, რომელიც სტარტაპების შექმნისას მიიღო და მოგვიანებით, ეს სტარტაპები მასშტაბური კომპანიები გახდნენ.

დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში, გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და „ალტერბრიჯს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც, როგორც ბიზნესლიტერატურის, ისე ბიზნესგანათლების განვითარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიებაზე ერთ–ერთი სპიკერი იქნება მართვისა და კომუნიკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი და პოზიტიური ფსიქო-კონსულტანტი მაკო ჯაოშვილიც.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ორმხრივად საინტერესო პროექტები დავგეგმოთ. პირველ რიგში, ეს ეხება „ლურჯი ოკეანის“ ბიზნესლიტერატურას, რომელზეც უფრო აქტიურად ექნება წვდომა როგორც ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ისე ჩვენს სტუდენტებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ იმ ბიზნესგამოცემების თარგმნაზე, რომელიც ბევრი ადამიანის განვითარებას შეუწყობს ხელს. რამდენიმე სახელმძღვანელო უკვე შევარჩიეთ, რომელზეც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ერთობლივად ვთარგმნოთ და გამოვცეთ. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გარდა, მიმდინარე პროექტების ფარგლებში ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით. შესაძლებლობები ბევრია, ინტერესი და მოტივაცია კი ორივე მხარეს გვაქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თანამშრომლობა გველის წინ. ეს ყველაფერი იწყება წიგნით „ნულიდან ერთამდე“, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განმარტავს მაკო ჯაოშვილი.

ღონისძიების ბმული: https://fb.me/e/6mU3NIEDs

 

წყარო: interpressnews.ge