ბიზნესმოდელის ვორქშოპი ბათუმში

25 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯეპრას ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოპი “როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესმოდელი“.

ღონისძიების სპიკერი იყო ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი.

ვორქშოპი დაფუძნებულია ალექს ოსტერვალდერისა და ივ პინიეს ბესთსელერში – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ – განხილულ მეთოდოლოგიებზე, რომელთა ცოდნა და გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესსამყაროში.

ღონისძიებაზე იმსჯელეს იმაზე თუ, რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან და რა განსაზღვრავს წარმატებას, სად ვეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში, როგორია მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები.

სოსო გალუმაშვილმა დამსწრეებს გააცნო ბიზნესმოდელის ტილო, ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც გვეხმარება ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში. მან დეტალურად ისაუბრა ტილოს გამოყენების მექანიკაზე, რის შემდეგაც მონაწილეებმა სავარჯიშოს ფორმატში შექმნეს აჭარული ღვინის მარნის ბიზნესმოდელი.

ბიზნესმოდელის ტილოს შევსების შემდეგ, გუნდებმა წარადგინეს საკუთარი იდეები და იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აჭარული ღვინის მარნის ბიზნესმოდელის ინოვაციური ტრანსფორმაცია.

ვორქშოპს ესწრებოდნენ აჭარის ადგილობრივი კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო ღონისძიების შესახებ.